ხშირად დასმული კითხვები

ზრდის თუ არა თამბაქოს მოხმარება Covid-19-ის რისკს?

ითვლება, რომ თამბაქოს მომხმარებლები ახალი კორონავირუსის მიმართ (COVID -19) მოწყვლადი ჯგუფია. ამ მოსაზრებისათვის რამდენიმე მიზეზი არსებობს: თამბაქოს მოხმარება გულისხმობს თითების (და სავარაუდოდ დაბინძურებული სიგარეტის) ტუჩებთან ხშირ კონტაქტს, რაც ზრდის ხელიდან ვირუსის გადაცემის და დაინფიცირების შანსს. ამასთან, მწეველებს შეიძლება ჰქონდეთ ფილტვებისა და სასუნთქი გზების სხვადასხვა დაზიანება, რაც თავისთავად ზრდის დაავადებისა და გართულებების რისკს.

წყარო:   WHO   Q&A on smoking and COVID-19

გვიცავს თუ არა ალკოჰოლი ახალი კორონავირუსისგან?

არა! ალკოჰოლის მიღება ვერ დაგვიცავს კორონავირუსით გამოწვეული ინფექციისგან. ზოგადად, ალკოჰოლი მხოლოდ ზომიერების ფარგლებში უნდა მივიღოთ. ადამიანებმა, რომლებიც ზოგადად არ სვამენ, კორონავირუსის გამო ალკოჰოლის მიღება არ უნდა დაიწყონ. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ბევრ სხვადასხვა დაავადებას უკავშირდება.

წყაროები:

World Health Organization (WHO)

მიეკუთვნებიან თუ არა ავთვისებიანი სიმსივნის მქონე ადამიანები მაღალი რისკის ჯგუფს?

ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნე და მკურნალობა, მაგალითად, ქიმიოთერაპია იმუნოსუპრესიას, ანუ იმუნური სისტემის დასუსტებას, იწვევს. ამით ნებისმიერი მიკრობით, შესაბამისად, ახალი კორონავირუსით ინფიცირების რისკიც იზრდება. ქიმიოთერაპიის კურსის განმავლობაში არის პერიოდები, როდესაც ინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია. ქრონიკული დაავადებების, მათ შორის, ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტებში იმატებს ინფექციის, ამ შემთხვევაში, COVID-19-ის გართულებების ალბათობაც. შესაბამისად, ადამიანებმა, რომელთა იმუნური სისტემაც ამა თუ იმ მიზეზით დასუსტებულია, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაიცვან მოწოდებული რეკომენდაციები.

წყარო:  https://www.cancer.gov/contact/emergency-preparedness/coronavirus

როგორ დავიცვა თავი, თუ ავთვისებიანი სიმსივნე მაქვს?

მოგეხსენებათ, დღეისთვის COVID-19-ის სამკურნალო სპეციფიკური წამალი და მისი საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი არ არის. აქედან გამომდინარე, ახალი კორონავირუსით ინფიცირების თავიდან აცილების საუკეთესო გზა სიფრთხილის ზომების დაცვაა:

  • დარჩით სახლში და მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს.
  • მოერიდეთ ადამიანებთან არასაჭირო კონტაქტს, მაგალითად, ხელის ჩამორთმევას.
  • ეცადეთ იშვიათად მოიკიდოთ სახეზე ხელი.
  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით სულ მცირე 20 წამის განმავლობაში, განსაკუთრებით, საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ, ჭამის წინ, ცხვირის მოწმენდის, დახველების და დაცემინების შემდეგ.
  • აიცერით გრიპზე

დამატებითი რჩევები ადამიანებისთვის, რომლებიც COVID-19-ის გართულებების რისკის ქვეშ არიან:

  • მოიმარაგეთ რამდენიმე კვირის სამყოფი საჭირო მედიკამენტები და სხვა აუცილებელი ნივთები.
  • მაქსიმალურად მოერიდეთ სახლიდან გასვლას. პროდუქტების მოტანა ოჯახის წევრებს ან მეზობლებს თხოვეთ.

წყარო: https://www.cancer.gov/contact/emergency-preparedness/coronavirus 

არიან თუ არა ალერგიის მქონე ადამიანები დამატებითი რისკის ქვეშ?

ალერგიული დაავადებები, მათ შორის, ალერგიული ასთმა ახალი კორონავირუსით ინფიცირების რისკს არ ზრდის. თუმცა, საშუალო სიმძიმის ან მძიმე ასთმის მქონე პაციენტებში, შესაძლოა, მომატებული იყოს COVID-19-ის მძიმე ფორმის განვითარების რისკი. პანდემიის მიუხედავად, ალერგიის და ასთმის სამკურნალო წამლების, მათ შორის, კორტიკოსტეროიდების მიღება უნდა გაგრძელდეს. დაუშვებელია ამ მედიკამენტების მიღების თვითნებურად შეწყვეტა. დღეისთვის არ არსებობს მტკიცებულება, რომ ინტრანაზალური ან საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები ახალი კორონავირუსით ინფიცირების ან ინფიცირების შემთხვევაში გართულებების რისკს ზრდის. 

წყარო: https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/need-extra-precautions/asthma.html 

განსხვავდება თუ არა COVID-19-ის გამოვლინებები ბავშვებსა და მოზრდილებში?

ბავშვებსა და მოზრდილებში COVID-19 მსგავსი სიმპტომებით ვლინდება. თუმცა, ბავშვებში დაავადება, ძირითადად, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს (ჩვენი სტატია დაძველებულია). ბავშვებში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია შეიძლება გაციების მსგავსი სიმპტომებით, კერძოდ, ცხელებით, სურდოთი და ხველებით გამოვლინდეს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, იმყოფებიან თუ არა თანმხლები დაავადებების ან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები COVID-19-ის მძიმე ფორმის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ. 

წყარო: https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/faq.html?fbclid=IwAR3PpTg5VzMeuJqW655TATXIbntqoiZ0pak-kn71TzHW0FhrxQa3MS_XDKA
 

შესაძლებელია თუ არა გეგმიური ოპერაციების ჩატარება?

ამერიკის ქირურგთა კოლეჯის (ACS) რეკომენდაციით, არსებულ ვითარებაში ჯანდაცვის სისტემები, საავადმყოფოები და ქირურგები უნდა შეეცადონ მაქსიმალურად შეზღუდონ, გააუქმონ ან გადადონ გეგმიური ოპერაციები, ენდოსკოპიები და სხვა ინვაზიური კვლევები. საქმე ისაა, რომ ამით მცირდება ინფექციის გავრცელების რისკი და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იზოგება სამედიცინო რესურსები. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გეგმიური ოპერაციები 4 თვით გადავადდება. 

წყარო: https://www.facs.org/covid-19/clinical-guidance/elective-surgery 

ვინ არის COVID-19-ის მძიმე ფორმის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ?

COVID-19 ახალი დაავადებაა. შესაბამისად, მძიმე ინფექციის განვითარების რისკ-ფაქტორების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია. არსებულ მონაცემებზე და კლინიკურ კვლევებზე დაყრდნობით, COVID-19-ის გართულებების რისკი უფრო მაღალია ხანდაზმულ ადამიანებსა და თანმხლები სერიოზული დაავადებების მქონე ნებისმიერი ასაკის პაციენტებში.

დღეისთვის არსებული ინფორმაციით, მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან:

  • 65 წელს გადაცილებული ადამიანები
  • ნებისმიერი ასაკის პირები თანხმლები დაავადებებით (განსაკუთრებით, თუ დაავადება სათანადოდ არ არის მართული/კონტროლირებული). Ასეთი დაავადებებია:
  • ფილტვების ქრონიკული დაავადება და ასთმა (საშუალო ან მძიმე მიმდინარეობის)
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
  • მაღალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია)
  • იმუნოდეფიციტი (იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითება):

(იმუნოდეფიციტის შესაძლო მიზეზებია: ქიმიოთერაპია, თამბაქოს მოხმარება, ძვლის ტვინის ან ორგანოს ტრანსპლანტაცია, იმუნოდეფიციტური სინდრომები, აივ-ინფექცია და შიდსი, კორტიკოსტეროიდების და სხვა იმუნოსუპრესიული პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება)

  • ჭარბი წონა (სხეულის მასის ინდექსი (BMI) >40).
  • დიაბეტი
  • თირკმლის ქრონიკული დაავადება, რომელსაც ესაჭიროება დიალიზი
  • ღვიძლის დაავადები

Წყარო: 

https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/faq.html?fbclid=IwAR1bwU0qekkekhvtrN7tNvRSmQlK2n8HDZXfFLqg30fxuAqC7jcjYgSagr8  

https://www.who.int/news-room/q-a-detail/q-a-coronaviruses?fbclid=IwAR3LF_LqmG8oJVHNXGw0Vz6CjoW6Pb8F3zKS7uHX9H2k-7o3eUO-5CIczRY  

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში ვიტარებთ?

COVID-19 პანდემიის გამო, სამედიცინო დაწესებულებებში ზოგიერთი წესი შეიცვალა. დაგეგმილ ვიზიტამდე აუცილებლად დაუკავშირდით თქვენს ექიმს და შეასრულეთ მისი მითითებები. შესაძლოა, მან მკურნალობის მეთოდის ან დროის შეცვლა გადაწყვიტოს. ზოგიერთი სიმსივნის მკურნალობის გადადება უსაფრთხოა, ზოგიერთის - არა. თქვენი ექიმი აწონ-დაწონის მკურნალობის გადადების ან არ ჩატარების და დაინფიცირების რისკებს და ამის მიხედვით დაგეგმავს შემდგომ ნაბიჯებს. თუ ეს შესაძლებელი იქნება, ის კონსულტაციას დისტანციურად გაგიწევთ.

წყარო: https://www.cancer.gov/contact/emergency-preparedness/coronavirus