რატომ მიმდინარეობს COVID - 19 ბავშვებში მსუბუქად?


პანდემიის დასაწყისში გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ COVID-19 ბავშვებს არ ემართება. დროთა განმავლობაში მეცნიერებს დაუგროვდათ მტკიცებულებები, რომ ეს ასე სულაც არ არის - ახალი კორონავირუსით ბავშვებიც ინფიცირდებიან და, ზრდასრულების მსგავსად, ისინიც ავრცელებენ ვირუსს. თუმცა, როგორც დღეისთვისაა ცნობილი, COVID-19 ბავშვებში უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. ამასთან, ამ ასაკობრივ ჯგუფში დაავადების გართულებების რისკი უფრო დაბალია. მკვლევარები აქტიურად ცდილობენ, გაარკვიონ, რატომ განსხვავდება დაავადების მიმდინარეობა ბავშვებსა და ზრდასრულებში.

მოგეხსენებათ, იტალია COVID-19-ის გავრცელების ერთ-ერთი უმთავრესი კერაა. 25 მარტისთვის, როცა ქვეყანა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის თვალსაზრისით, მსოფლიო მასშტაბით მე-2 ადგილზე იყო, 18 წლამდე ასაკის ბავშვები ინფიცირებული პაციენტების მხოლოდ 1%-ს შეადგენდნენ. ბავშვების ინფიცირების შემთხვევები საქართველოშიც ფიქსირდება. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის (NCDC) მიერ 2020 წლის 2 მაისს მოწოდებული მონაცემები იხილეთ ბმულზე. 

2020 წლის 1 მაისს სამედიცინო გამოცემაში New England Journal of Medicine იტალიაში ჩატარებული CONFIDENCE (კორონავირუსული ინფექცია გადაუდებელი პედიატრიული დახმარების განყოფილებებში) კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. კვლევის ფარგლებში დაკვირვება მიმდინარეობდა კორონავირუსით ინფიცირებულ 100 ბავშვზე, რომლებიც 3-იდან 17 მარტამდე იტალიის 17 სხვადასხვა პედიატრიული გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოხვდნენ. 100-ივე ბავშვთან ინფექციის დიაგნოზი ცხვირიდან ან ცხვირ-ხახიდან აღებული ნაცხის RT-PCR (უკუტრანსკრიპტაზული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) კვლევის საფუძველზე დაისვა. 

 

რა აჩვენა კვლევამ?

ბავშვებში დაავადების ზოგადი მიმდინარეობა და სიმძიმე ჩინელი მეცნიერების შედგენილი კატეგორიების მიხედვით შეფასდა. ამ კრიტერიუმებით, 100 ბავშვიდან 21-ში დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ; სიმძიმის თვალსაზრისით, 58-თან დაავადება მსუბუქად შეფასდა, 19-თან - საშუალოდ, 1-თან - მძიმედ და მხოლოდ 1 ბავშვის მდგომარეობა იქნა მიჩნეული კრიტიკულად. საგულისხმოა, რომ 0-1 წლის ბავშვების უმრავლესობას დაავადების მსუბუქი ფორმა ჰქონდა. იმ პაციენტებს, რომელთა მდგომარეობაც მძიმედ ან კრიტიკულად ჩაითვალა, თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ. კვლევაში მონაწილე არც ერთი ბავშვი არ გარდაცვლილა. 

სტატიაში ასევე მოცემულია გამოვლენილი სიმპტომებისა და ნიშნების პროცენტული გადანაწილება: 

  • ცხელება (37.6°C ან მეტი) აღინიშნებოდა 54%-თან.
  • ყველაზე ხშირად ინფექცია ვლინდებოდა ხველით (45%), საკვებზე უარის თქმით ან გაძნელებული კვებით (23%). ეს უკანასკნელი უფრო გამოხატული იყო ≤ 21 თვის ბავშვებთან.
  • ცხელების მქონე 54 პაციენტიდან 28-ს (52%) აღენიშნებოდა თანდართული ხველა და სუნთქვის გაძნელება.
  • სისხლის ჟანგბადით გაჯერების მაჩვენებელი (SpO2%) ბავშვების მხოლოდ 4%-ში იყო 95%-ზე დაბალი. თითოეულ მათგანთან რადიოლოგიურად დადასტურდა ფილტვში არსებული ცვლილებები.
  • დამხმარე სასუნთქი საშუალება 9 ბავშვს დაჭირდა (აქედან მექანიკური ვენტილაცია მხოლოდ ერთს). ამათგან 6-ს ჰქონდა თანდართული პათოლოგია.

 

იტალიური კვლევის მონაწილე ბავშვების მხოლოდ 45% დაინფიცირდა ოჯახის წევრებისგან. სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი დაბალია და, სავარაუდოდ, იმით აიხსნება, რომ იტალიაში კარანტინი დაგვიანებით გამოცხადდა. 

ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბავშვებში COVID-19-ის მძიმე შემთხვევები იშვიათია და ამ ასაკობრივ ჯგუფში მსუბუქი შემთხვევების წილი უფრო მაღალია, ვიდრე ზრდასრულებში.

 

რით შეიძლება აიხსნას პედიატრიულ პოპულაციაში COVID-19-ის შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა?

ზოგადად, ბავშვები ინფექციების მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან, მაგრამ COVID-19 ამ თვალსაზრისით გამონაკლისია. არსებობდა გარკვეული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ბავშვებში ACE2 რეცეპტორი (რომელიც ახალ კორონავირუსს უჯრედში შესაღწევად ჭირდება) უფრო მცირე რაოდენობით გვხვდება, ვიდრე ზრდასრულებში. თუმცა, ეს ჰიპოთეზა არ დასტურდება. 

SARS-CoV-2 ადამიანებისთვის ახალი ვირუსია - მისი საწინააღმდეგო იმუნიტეტი არავის აქვს. შესაბამისად, ეს ვირუსი, წესით, ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის თანაბარ საფრთხეს უნდა წარმოადგენდეს. 

6 მაისს ჟურნალში Lancet გამოქვეყნებულ სტატიაში იტალიელი მეცნიერები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ბავშვებსა და ზრდასრულებს შორის არსებული განსხვავებება ბავშვების იმუნური სისტემის თავისებურებებითაა განპირობებული. მათი შეხედულებით, პედიატრიული პოპულაციის თანდაყოლილი იმუნიტეტის შესწავლა დაგვეხმარება, ამოვხსნათ, ზუსტად რა იცავს ადამიანს კორონავირუსისგან და რა ხდის ადამიანს მგრძნობიარეს მის მიმართ. 

დაბადებისას ბავშვის ორგანიზმი მზად არაა პათოგენებთან საბრძოლველად. სიცოცხლის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში იმ ინფექციებისგან, რომელსაც დედა შეხვედრია, ახალშობილს დედისგან მიღებული (როგორც მუცლადყოფნის პერიოდში, ისე ძუძუთი კვების შედეგად) ანტისხეულები იცავს. ამის შემდეგ, თუ არ ჩავთვლით ვაქცინაციით პრევენცირებად დაავადებებს, ბავშვის ორგანიზმი ყველა ინფექციის მიმართ მგრძნობიარეა.

ზოგადად, იმუნური სისტემა ორი - თანდაყოლილი და შეძენილი - ნაწილებისგან შედგება. ორგანიზმში ინფექციური პათოგენის შემოჭრისას თავდაპირველად აქტიურდება თანდაყოლილი იმუნური სისტემა, რომელიც შედარებით ნაკლებად სპეციფიკურია. უფრო ზუსტი, მიზანმიმართული იმუნური პასუხი კი დამოკიდებულია შეძენილ იმუნიტეტზე, რომელსაც ძირითადად T და B ლიმფოციტები განაპირობებს. ცნობილია, რომ იმუნურ სისტემას უნიკალური თვისება - მეხსიერება - ახასიათებს. იმუნური მეხსიერების საფუძველი სწორედ სპეციფიკური T და B ლიმფოციტების ჩამოყალიბებაა, რომლებიც კონკრეტულ პათოგენთან ხელახალი კონტაქტის შემთხვევაში ორგანიზმს ხელახლა ინფიცირებისგან დაიცავს.

ახალდაბადებულ ბავშვს იმუნური მეხსიერება არ გააჩნია - მის ორგანიზმში სპეციფიკური T და B უჯრედები სწორედ სხვადასხვა ინფექციურ პათოგენთან შეხების შედეგად ყალიბდება. ბავშვის იმუნური სისტემა ადვილად ადაპტირებადია - ის მზადაა ახალ პათოგენებთან შეხვედრისა და მათზე საპასუხო რეაგირებისთვის. ეს ფუნქცია ასაკთან ერთად ქვეითდება. მკვლევარების მოსაზრებით, ამას რამდენიმე სავარაუდო ფაქტორი განაპირობებს.

 

რა ფაქტორები განაპირობებს ბავშვების „იმუნურ მზადყოფნას“ SARS-CoV-2-სადმი?

  • ვირუსისთვის სპეციფიკური პასუხის და B უჯრედული მეხსიერების ჩამოყალიბებას დაახლოებით 2 კვირა ჭირდება. ამ დროის განმავლობაში ინფექციასთან ბრძოლაში გადამწყვეტ როლს ე.წ. „ბუნებრივი“ ანტისხეულები (კერძოდ, იმუნოგლობულინი M [IgM]) ასრულებს. ამ ანტისხეულების წარმოქმნა არ არის პათოგენთან (ანტიგენთან) წარსულ კონტაქტზე დამოკიდებული და ისინი ფართო რეაქტიულობითა და ანტიგენის მიმართ ვარიაბელური აფინურობით (ანტიგენთან შეკავშირებისკენ მიდრეკილება) ხასიათდება. ბავშვები ამ ტიპის ანტისხეულებს ძალიან სწრაფად წარმოქმნიან და ისინი ებრძვის ინფექციას მანამ, სანამ უფრო მაღალი აფინურობის ანტისხეულები და მეხსიერების B უჯრედები ჩამოყალიბდება.
     
  • ინფიცირების შემდეგ პათოგენის წინააღმდეგ ორი ტიპის მეხსიერების B უჯრედი აქტიურდება (CD27dull  და CD27bright). მიუხედავად CD27bright-თან შედარებით ნაკლები სპეციფიკურობისა, CD27dull  უფრო მარტივად ადაპტირდება და ზემოთხსენებულ IgM ანტისხეულებს გამოყოფს.
     
  • ბავშვებში, მოზრდილებთან შედარებით, უფრო დიდი რაოდენობით გვაქვს CD27dull მეხსიერების B უჯრედები და, შესაბამისად, ისინი ახალ ანტიგენთან ადვილად ადაპტირდებიან. ხანდაზმულებში კი CD27bright უჯრედები ჭარბობს. ისინი, მართალია, თავიანთ სამიზნეს ამოიცნობენ, მაგრამ ახალ პათოგენებთან (ანუ მათ ანტიგენებთან) ვერ ადაპტირდებიან.

კვლევის ავტორებმა ახლახანს დაიწყეს პროსპექტული კვლევა, რომლის მიზანიც ზემოთ მოყვანილი ჰიპოთეზის შემოწმებაა. ადრეულ შედეგებზე დაყრდნობით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვები ინფექციის ადრეულ ეტაპზე მართლაც დიდი რაოდენობით გამოიმუშავებენ ბუნებრივ IgM-ს. მძიმედ მიმდინარე COVID-19-ის მქონე ზრდასრულებში ასეთი იმუნური პასუხი არ ფიქსირდება. 

ევოლუციურად, გადარჩენის მიზნით, ბავშვებს უკეთესად ადაპტირებადი იმუნური სისტემა აქვთ. ჯანმრთელი ზრდასრულებიც, მაღალი და დაბალი სპეციფიკურობის უჯრედებს შორის არსებული ბალანსის წყალობით, ეფექტიანად ებრძვიან პათოგენებს. თუმცა, ასაკის მატება, მალნუტრიცია (კვებითი დეფიციტი), იმუნოსუპრესია და თანდართული პათოლოგიები იმუნური სისტემის სიახლესთან ადაპტაციის უნარს აქვეითებს. კვლევის ავტორების თქმით, ისეთ გადაუდებელ ვითარებაში, როგორიც COVID-19-ის პანდემიაა, ბუნებისგან ბავშვებისთვის ბოძებული იმუნური მექანიზმების სიღრმისეულმა შესწავლა, შესაძლოა, დაავადების მართვის მთავარი გასაღების პოვნაში დაგვეხმაროს. 

მართალია, ეს სტატია ბავშვებში დაავადების მსუბუქად მიმდინარეობასა და ამის შესაძლო მიზეზებს ეთმობა, COVID-19-სა და პედიატრიული პოპულაციის განხილვისას აუცილებელია ვახსენოთ იტალიაში ჩატარებული კიდევ ერთი ახალი კვლევა. ამ მცირე მასშტაბიანი კვლევის მიზანი COVID-19-სა და კავასაკის დაავადებას შორის კავშირის შეფასება იყო. კავასაკის დაავადება ვასკულიტი, სისხლძარღვების ანთებითი დაავადებაა, რომლის დროსაც საშუალო ზომის სისხლძარღვები ზიანდება. ეს დაავადება პრაქტიკულად მხოლოდ ბავშვებში გვხვდება. ბერგამოს პროვინციაში, სადაც SARS-CoV-2 ვირუსით ინფიცირების და სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ბოლო თვის განმავლობაში კავასაკის დაავადების შემთხვევების მკვეთრი ზრდა შეინიშნა. მეცნიერები დაინტერესდნენ, იყო თუ არა კავშირში ეს მოვლენა ეპიდემიასთან. ჟურნალში Lancet 13 მაისს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ SARS-CoV-2-სა და მძიმე ფორმით მიმდინარე კავასაკის დაავადებას შორის მართლაც არსებობს შესაძლო კავშირი (ასოციაცია). თუმცა, კავშირის დასადასტურებლად უფრო ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარებაა საჭირო.



წყაროები: 

nejm.org
covid19info.ge
epicentro.iss.it
thelancet.com
thelancet.com