კლავს თუ არა მზის ან ულტრაიისფერი (UV) სხივები ახალ კორონავირუსს?

 

მზის სხივები სხვადასხვა სიხშირის სინათლის ტალღებისგან შედგება. დედამიწაზე ამ გამოსხივების გარკვეული ნაწილი აღწევს: გრძელტალღოვანი, უხილავი, გამათბობელი ინფრაწითელი გამოსხივება, ხილული სინათლე და მოკლეტალღოვანი ულტრაიისფერი გამოსხივება. ეს უკანასკნელი თავის მხრივ იყოფა UVA, UVB და UVC  გამოსხივებად.  UVB აღწევს კანის ზედაპირულ შრეებში და შესაძლოა გამოიწვიოს დამწვრობა. UVA სინათლის სხივი  კანის უფრო ღრმა შრეებში აღწევს და დაკავშირებულია ალერგიულ რექციებთან. UVC სინათლის სხივი კი იფილტრება ატმოსფეროს მიერ, რომელიც დედამიწას გარს აკრავს.

დღეისთვის, ახალი კორონავირუსის მსგავს SARS-ის ვირუსებზე ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ UVA ან UVB სხივი,  ვერ კლავს ვირუსს.  

რაც შეეხება UVC სინათლის სხივს, ის შესაძლებელია ზედაპირებზე არსებულ COVID 19-ის გამომწვევ ვირუსს კლავდეს.  ჩინეთსა და ევროპის ქვეყნებში UV-C სინათლის სხივი სამედიცინო აღჭურვილობის სასტერილიზაციოდ გამოიყენება. ასევე, კოლუმბიის უნივერსიტეტში მიმდინარეობს ცდები ახალ ტექნოლოგიაზე, რომელიც ახალი კორონავირუსის გასანადგურებლად  UVC სინათლის სხივის კონკრეტულ ტიპს (far-UVC light (207 nm)) იყენებს .

აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ვირუსისგან თავის დასაცავად, ჩვენ, თვითნებურად არცერთი ტიპის UV სინათლის სხივით თავი არ უნდა დავისხივოთ.  

ჯერჯერობით არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება რომ მზის სხივები ეფექტურია კორონავირუსთან ბრძოლაში, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ UV სინათლის სამივე ტიპის სხივმა შეიძლება სერიოზულ ზიანი მიაყენოს  კანსა და თვალებს, დაასუსტოს იმუნური სისტემა და გაზარდოს კანის სიმსივნის რისკი.

გვახსოვდეს : UVA და UVB სინათლის სხივები აღწევენ კანში და შესაძლოა გამოიწვიონ  დამწვრობა, ალერგიული რეაქციები და კანის დაბერება. დერმატოლოგების რეკომენდაციით, აუცილებელია მზის დამცავი საშუალების (spf 30-50) გამოყენება მზის სხივებთან ნებისმიერი შეხებისას.  

 

 

წყაროები:  

PubMed

EUROPEAN RESPIRATORY Journal 

The British Journal of Dermatology