როგორ უნდა "გაიხსნას ამერიკა"?

კორონავირუსით გამოწვეული მსოფლიო კრიზისი ყველას შეეხო. ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო, უამრავმა ქვეყანამ საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა, რამაც, თავის მხრივ, დამანგრევლად იმოქმედა ბიზნეს სექტორზე, მრეწველობასა თუ სხვა დარგებზე.

ბოლო დროს მსოფლიოში გამოწვეულმა მწვავე ეკონომიკურმა ვითარებამ და დაინფიცირებულთა რიცხობრივი მაჩვენებლის ზრდის შენელებამ მთავრობებს შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნისკენ უბიძგა.

თეთრმა სახლმა ახლახანს გამოსცა გეგმა სახელად ,,ამერიკის ხელახლა გახსნა’’ (Opening Up America Again), რომლის მიზანი ეკონომიკური და სოციალური სფეროების აღდგენაა. გეგმა შედგენილია შეერთებული შტატების ჯანდაცვის ორგანოებთან (CDC) და ექსპერტებთან თანამშრომლობით.

ამერიკის გახსნა, გეგმის მიხედვით, სამ ეტაპად (ფაზად) მოხდება, მაგრამ გახსნის ეტაპზე გადასასვლელად თითოეული შტატი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ კრიტერიუმებს და მზად უნდა იყოს იტვირთოს განსაზღვრული პასუხისმგებლობები (იხ. ქვემოთ). აქედან გამომდინარე, გეგმა სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება:

  1. კრიტერიუმები,  რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს თითოეულმა შტატმა გახსნის დაწყებამდე.
     
  2. მზადყოფნა, ანუ რა ქმედებების განხორციელება უნდა შეეძლოს და რა პასუხისმგებლობებს იღებს თითოეული შტატი გახსნის ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში.  
     
  3. ეტაპობრივი (ფაზური) გაიდლაინები, ანუ წესები და პასუხიმგებლობები, რომლებიც უნდა გაიზიარონ მოქალაქეებმა და დაწესებულებებმა.  
     

კრიტერიუმები

ეტაპობრივი გახსნის დაწყებამდე შტატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნილებებს:

სიმპტომები:

● 14 დღის განმავლობაში გრიპის მსგავსი დაავადებების დაფიქსირებულ შემთხვევათა კლების ტენდენცია (მრუდის დაღმავალი ტრაექტორია გრაფიკზე)  

და

● 14 დღის განმავლობაში COVID-19-ის მსგავსი სინდრომის დაფიქსირებულ შემთხვევათა კლების ტენდენცია (გრაფიკზე დაღმავალი ტრაექტორია)

 

შემთხვევები:

● 14 დღის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების კლების ტენდენცია (გრაფიკზე დაღმავალი ტრაექტორია)  

ან

● 14 დღის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობიდან დადებითი ტესტების პროცენტული მაჩვენებლის [(დადებითი პასუხი/ყველა ჩატარებული ტესტი) x 100%] კლების ტენდენცია (გრაფიკზე დაღმავალი ტრაექტორია). ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობა ან უნდა იზრდებოდეს, ან მუდმივი რჩებოდეს.

 

ჰოსპიტლები:

● ყველა პაციენტის მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ჩვეულებრივ, კრიზისული პროტოკოლის გარეშე

● უნდა არსებობდეს რისკის ქვეშ მყოფი პერსონალის აქტიური ტესტირების შესაძლებლობა, მათ შორის, ანტისხეულებზე დამყარებული ტესტებით

შტატებს შეიძლება მოუწიოთ ამ კრიტერიუმების ადგილობრივ ვითარებასთან მორგება. მხოლოდ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ უნდა შეფასდეს, რამდენად მზადაა შტატი გახსნის ეტაპზე გადასვლისთვის.

         

შესასრულებელი პასუხისმგებლობები და შტატის მზადყოფნა

გახსნის ეტაპზე გადასვლისთვის შტატი პასუხისმგებელი უნდა იყოს შემდეგი ღონისძიებების და მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობაზე:

   ტესტირება და კონტაქტების მეთვალყურეობა:

  • შესაძლებელი უნდა იყოს უსაფრთხო და ეფექტური სკრინინგისა და ტესტირების პუნქტების შექმნა.
     
  • შესაძლებელი უნდა იყოს COVID სინდრომული/გრიპის მსგავსი სიმპტომების მქონე ადამიანების და დადებითი პასუხის მქონე პირების კონტაქტების მოძიება და ტესტირება.  
     
  • უნდა არსებობდეს ზედამხედველობის ქმედითი პუნქტები, რომლებშიც შემოწმდებიან უსიმპტომო პირები და COVID - დადებითი პირების კონტაქტები (ასეთი პუნქტები ძირითადად განლაგდება ისეთ ადგილებში, სადაც ემსახურებიან ხანდაზმულებს, დაბალი შემოსავლის მქონე ამერიკელებს, რასობრივ უმცირესობებს და მკვიდრ ამერიკელებს).

 

   ჯანდაცვის სისტემის ტევადობა/რესურსები:

  • მოთხოვნის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს პერსონალის პირადი დამცავი ეკიპირებისა და კრიტიკული სამედიცინო ეკიპირების სწრაფი და დამოუკიდებელი  უზრუნველყოფა
     
  • შესაძლებელი უნდა იყოს ინტენსიური მოვლის განყოფილების ტევადობის სწრაფი ზრდა

 

   გეგმები:

  • კრიტიკულად მნიშვნელოვანი დარგების მუშაკების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა
  • მაღალი რისკის დაწესებულებებში (მაგ., მოხუცებულთა სახლი) მცხოვრები და მომუშავე ადამიანების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის პერსონალისა და მომხმარებლების დაცვა
  • მოქალაქეებისთვის სოციალური დისტანცირებისა და სახის დაფარვის პროტოკოლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
  • ვითარების მონიტორინგი და შემთხვევათა მკვეთრი მატების (ეპიდაფეთქების „შებრუნება“ – rebound) შემთხვევაში დაუყოვნებელი ზომების მიღებით გახსნის უფრო ადრეულ ფაზაში დაბრუნება ან მიმდინარე ფაზის თავიდან დაწყება (ვითარების სიმძიმის მიხედვით).

 

თუ შტატი მზაობას გამოთქვამს და შეუძლია ამ პასუხისმგებლობების შესრულება, მას შეუძლია ეტაპობრივი გახსნის წამოწყება.

 

ეტაპობრივი გაიდლაინები

რეგულაციების მოხსნა 3 ეტაპად მოხდება და თითოეული ეტაპისთვის კონკრეტული სამოქმედო გეგმაა განსაზღვრული, თუმცა, ზოგიერთი მითითება გახსნის სამივე ეტაპზე უნდა სრულდებოდეს. ეს ზოგადი მითითებები ძირითადად დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს მოიცავს:  
 

მოქალაქეებმა უნდა განაგრძონ ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვა, კერძოდ:

- ხელების დაბანა საპნითა და წყლით ან სანიტაიზერით

- სახეზე ხელის შეხებისგან თავშეკავება

- დახველება და დაცემინება მოხრილ იდაყვში, ან ხელსახოცში

- ხშირი გამოყენების საგნების/ზედაპირების ხშირი დეზინფექცია 

- საჯარო სივრცეში, მათ შორის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყოფნისას სახის დაფარვა

- სიმპტომების მქონე ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში და დაემორჩილონ ექიმის რჩევებს
 

დამსაქმებლებმა შემდეგ საკითხებთან მიმართებით უნდა შეიმუშავონ და სამუშაო გარემოში დანერგონ ფედერალური, შტატის და ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისი პრაქტიკა:  

- სოციალური დისტანცირება და დამცავი ეკიპირება

- ტემპერატურის შემოწმება

- ტესტირება, იზოლირება და კონტაქტების მოძიება

- სანიტარული სამუშაოების შესრულება

- საერთო და ხალხმრავალი სივრცეების დეზინფექცია

- უსაფრთხო საქმიანი მოგზაურობა (გადაადგილება ხომ არ სჯობს?)
 

უნდა მიმდინარეობდეს დასაქმებულთა მონიტორინგი სიმპტომებზე და ექიმის მითითებამდე ისინი ფიზიკურად არ უნდა იყვნენ დაშვებულნი სამუშაო ადგილზე. დამსაქმებელმა უნდა შეიმუშავოს და დანერგოს COVID-დადებითი დასაქმებულის კონტაქტების მოძიების წესები და პროცედურები.

როგორც ზემოთ ვთქვით, გარდა ზოგადი მითითებებისა, რომლებიც ყველა ეტაპზე უნდა შესრულდეს, ამერიკის გახსნის გეგმის თითოეული ეტაპისთვის კონკრეტული გაიდლაინია მოწოდებული:
 

პირველი ეტაპი:

შტატებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ მოცემულ კრიტერიუმებს

მაღალი რისკის პოპულაციაში იგულისხმებიან:

1. ხანდაზმული ადამიანები

2. სერიოზული დაავადებების მქონე ინდივიდები, როგორიცაა: ჰიპერტენზია, ფილტვის ქრონიკული დაავადება, დიაბეტი, სიმსუქნე, მძიმე ასთმა

3. ინდივიდები, რომელთა იმუნური სისტემის ფუნქციაც დაქვეითებულია, მაგალითად, ონკოლოგიური პაციენტები რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიას
 

  • მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში.
     
  • გარეთ ყოფნისას ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას სოციალური დისტანცია, მოერიდოს თავშეყრის ადგილებს სადაც 10-ზე მეტი ადამიანია.
     
  • მოქალაქემ, აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში, თავი უნდა შეიკავოს მოგზაურობისგან.  
     
  • კომპანიებმა მაქსიმალურად უნდა გააგრძელონ ტელეკომუნიკაცია და, თუ შესაძლებელია, პერსონალი სამუშაო სივრცეში ეტაპობრივად უნდა დააბრუნონ.
     
  •  დამსაქმებლებმა ან უნდა დაკეტონ საერთო სივრცეები, რომლებშიც დასაქმებულები იკრიბებიან, ან უნდა დანერგონ ამ სივრცეებში სოციალური დისტანცირების მაქსიმალურად მკაცრი პროტოკოლი.
     
  • თუ მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო სამუშაო ადგილზე, დამსაქმებელმა მისი ჯანმრთელობის დასაცავად მაქსიმალური ზომები უნდა მიიღოს. 
     
  • სკოლები და ბავშვების ორგანიზებული თავშეყრის ადგილები (საბავშვო ბაღები, ბანაკები) არ უნდა გაიხსნას.
     
  • ხანდაზმულთა მოვლის დაწესებულებებში და საავადმყოფოებში მონახულება უნდა იყოს აკრძალული.
     
  • გეგმიური ოპერაციების ჩატარება შესაძლებელია განახლდეს მხოლოდ კონკრეტული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
     
  • ბარები და რესტორნები პირველ ეტაპზე არ უნდა გაიხსნას.
     
  • სპორტული დარბაზების გახსნა დასაშვებია, თუ მაქსიმალურად მკაცრად იქნება დაცული სოციალური დისტანცირების და დასუფთავების წესები.
     
  • მასობრივი თავშეყრის ადგილების (რესტორნები, სპორტული ღონისძიებები, თეატრები, ეკლესიები) ფუნქციონირება ნებადართულია სოციალური დისტანცირების მაქსიმალურად მკაცრი პროტოკოლის დანერგვის შემთხვევაში

 

 

მეორე ეტაპი:

შტატებისთვის, რომლებიც მეორედ აკმაყოფილებენ ზემოთ მოცემულ კრიტერიუმებს და შემთხვევების მკვეთრი ზრდის (ეპიდაფეთქების „შებრუნების“-rebound) გარეშე გაიარეს პირველი ეტაპი
 

  • მაღალი რისკის ჯგუფი უნდა დარჩეს სახლში
     
  • გარეთ გასვლის დროს დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია.  
     
  • ყველა ინდივიდი უნდა მოერიდოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, სადაც 50-ზე მეტი ადამიანია.
     
  • მოგზაურობის გაგრძელება შესაძლებელია, აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაშიც.
     
  • დამსაქმებელმა უნდა წაახალისოს და შეძლებისდაგვარად განაგრძოს ტელეკომუნიკაცია
     
  • დამსაქმებლებმა ან უნდა დაკეტონ საერთო სივრცეები, რომლებშიც დასაქმებულები იკრიბებიან, ან უნდა დანერგონ ამ სივრცეებში სოციალური დისტანცირების საშუალოდ მკაცრი პროტოკოლი.
     
  • თუ მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანი იძულებული გახდა, დაბრუნებულიყო სამუშაო ადგილზე, დამსაქმებელმა მისი ჯანმრთელობის დასაცავად მაქსიმალური ზომები უნდა მიიღოს.
     
  • სკოლების და ბავშვების ორგანიზებული თავშეყრის ადგილების (ბანაკები, საბავშვო ბაღები) გახსნა შესაძლებელია.
     
  • ხანდაზმულთა მოვლის დაწესებულებებსა და საავადმყოფოებში მონახულება უნდა იყოს აკრძალული.
     
  • გეგმიური ოპერაციები შესაძლებელია გაგრძელდეს კონკრეტული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
     
  • ბარებს და რესტორნებს შეუძლიათ ფუნქციონირება იმ პირობით, რომ შემცირებული იქნება ოთახში ადამიანების დასაშვები რაოდენობა  
     
  • სპორტული დარბაზების ფუნქციონირების გაგრძელება დასაშვებია, თუ მაქსიმალურად მკაცრად იქნება დაცული სოციალური დისტანცირების და დასუფთავების წესები  
     
  • მასობრივი თავშეყრის ადგილების (რესტორნები, სპორტული ღონისძიებები, თეატრები, ეკლესიები) ფუნქციონირება ნებადართულია სოციალური დისტანცირების საშუალოდ მკაცრი პროტოკოლის დანერგვის შემთხვევაში

 

მესამე ეტაპი:

შტატებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ მოცემულ კრიტერიუმებს და შემთხვევების მკვეთრი ზრდის (ეპიდაფეთქების „შებრუნების- rebound) გარეშე გაიარეს მეორე ეტაპი

  • მაღალი რისკის ჯგუფის წარმომადგენლებს შეუძლიათ დაუბრუნდნენ საჯარო სივრცეს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია და მოერიდნონ ისეთ ადგილებს, სადაც დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდება.  
     
  • დაბალი რისკის ინდივიდებისთვის მიზანშეწონილია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გატარებული დროის შემცირება.
     
  • დამსამქმებელს შეუძლია სამუშაო ადგილას არსებული შეზღუდვების მოხსნა.
     
  • ხანდაზმულთა მოვლის დაწესებულებებსა და საავადმყოფოებში მყოფი ადამიანების მონახულება შეიძლება აღდგეს. 
     
  • ბარებს და რესტორნებს შეუძლიათ მეტი დატვირთვით მუშაობა
     
  • სპორტული დარბაზების ფუნქციონირება დასაშვებია ჩვეული დატვირთვით, სანიტარული ნორმების დაკმაყოფილების პირობით.
     
  • მასობრივი თავშეყრის ადგილების (რესტორნები, სპორტული ღონისძიებები, თეატრები, ეკლესიები) ფუნქციონირების გაგრძელება დასაშვებია სოციალური დისტანციის მსუბუქი პროტოკოლის დაცვით.

 

გახსნის თითოეულ ეტაპს შორის საშუალოდ 2-3 კვირიანი ინტერვალი უნდა იყოს გასული. ყოველი ეტაპის შემდგომ, მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, დადგინდება, მზადაა თუ არა შტატი შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი მატების (ეპიდაფეთქების „შებრუნება“ – rebound) შემთხვევაში, როგორც ვთქვით, ახალ ეტაპზე გადასვლა უნდა შეყოვნდეს და, საჭიროებისამებრ, შტატი უნდა დაუბრუნდეს ან წინა ეტაპს, ან უნდა განაგრძოს მიმდინარე ეტაპისთვის გათვალისწინებული მითითებების შესრულება.  

შტატის ეპიდემიოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით, გეგმის და ეტაპების ხანგრძლივობა, შესაძლოა, განსხვავებული იყოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ თეთრი სახლის ვებგვერდს.

 

წყარო:

Whitehouse.gov