უსიმპტომო გადაცემა - COVID-19-ის კონტროლის სტრატეგიების აქილევსის ქუსლი


ტრადიციულად, ინფექციის კონტროლის სტრატეგიები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დაავადების ადრეულ ამოცნობაზე. ადრეული დიაგნოსტიკით შესაძლებელია დაავადების ფართო გავრცელების შეჩერება. როდესაც ახალი კორონავირუსი (SARS-CoV-2) ასპარეზზე პირველად გამოჩნდა, ჯანდაცვის ორგანიზაციებმა ვირუსებთან ბრძოლის უკვე არსებულ, ნაცად ხერხებს მიმართეს. დაიწყო სიმპტომების მქონე პაციენტების დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და შემდგომი ტესტირება, რის საფუძველზეც მათი იზოლაცია და კარანტინში მოთავსება ხდებოდა.  

SARS-CoV-1 (SARS - მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, 2003 წლის ეპიდაფეთქება) და SARS-CoV-2 (COVID – 19) ბევრი მნიშვნელოვანი მახასიათებლით, მათ შორის, მსგავსი გენეტიკური კოდითა და გადადების გზით (ჰაერ-წვეთოვანი), გავს ერთმანეთს. ამასთან, როგორც SARS-ის, ისე COVID-19-ის შემთხვევაში, ქვედა სასუნთქი გზების სიმპტომები (ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება), ინფიცირებიდან საშუალოდ 5 დღეში გამოვლინდება.  

თუმცა, ვირუსთან ბრძოლის ერთანაირი სტრატეგიების გამოყენების მიუხედავად, ეს ორი ეპიდემია აბსოლუტურად სხვადასხვაგვარად წარიმართა. SARS-CoV-1-ის გამოჩენიდან 8 თვის შემდეგ ეპიდაფეთქება კონტროლს დაექვემდებარა. დაავადებული იყო დაახლოებით 8100 ადამიანი, ისიც მხოლოდ გარკვეულ გეოგრაფიულ საზღვრებში. SARS-CoV-2-ით კი ამ დროისთვის 3.6 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული და დაავადება კვლავ ძალიან სწრაფად ვრცელდება მსოფლიოს მასშტაბით.

რით შეიძლება ავხსნათ ამ ორი ინფექციის განსხვავებული გავრცელება?

COVID-19-ის შემთხვევაში, გადამდებობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ზედა სასუნთქ გზებში ვირუსის გამოყოფის (shedding) მაღალი მაჩვენებელია. ეს მაჩვენებელი მაღალია უსიმპტომო პაციენტებშიც. ეს განასხვავებს ახალ კორონავირუსს SARS-CoV-1-ისგან, რომლის შემთხვევაშიც ვირუსის გამრავლება და შემდეგ გამოყოფა ძირითადად ქვედა სასუნთქ გზებში ხდება. რაც შეეხება გრიპის ვირუსს, სიმპტომურ პაციენტებთან შედარებით, უსიმპტომო პაციენტების ზედა სასუნთქი გზების სეკრეტში (გამოყოფილ სითხეში) ვირუსის კონცენტრაცია გაცილებით უფრო დაბალია. ასევე, უსიმპტომო ადამიანები უფრო ხანმოკლე დროის განმავლობაში გამოყოფენ ვირუსს, რაც კიდევ უფრო ამცირებს დაავადების (გრიპის) გადადების რისკს.  

უსიმპტომო ადამიანებისგან SARS-CoV-2-ის გადადების მასშტაბს გამოკვეთს ავტორიტეტულ სამედიცინო გამოცემაში - New England Journal of Medicine (NEJM) გამოქვეყნებული ანგარიში. სტატიაში აღწერილია COVID-19-ის ეპიდაფეთქება ვაშინგტონის შტატის ერთ-ერთ მოხუცებულთა სახლში, რომლის თანამშრომელსაც შესაბამისი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ COVID-19 დაუდგინდა. ამის შემდეგ დაწესებულების მაცხოვრებლებს ორჯერ (7 დღის ინტერვალით) ჩაუტარდათ PCR მეთოდით კორონავირუსზე ტესტირება. მაცხოვრებელთა 63%-ის კვლევის შედეგი დადებითი იყო. ამათგან 56%-ს ტესტირების დროს არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა. ყველა პაციენტში, რომელთაც ლაბორატორიულად დაუდგინდათ კორონავირუსი, ვირუსის კონცენტრაცია საკმაოდ მაღალი იყო, იმის მიუხედავად, ჰქონდათ თუ არა მათ სიმპტომები. ამ კონკრეტულ დაწესებულებაში COVID-19 - ით გამოწვეული სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალი - 26% იყო.  

ამ მონაცემებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი მიგნებები:

  • ტესტზე დადებითი პასუხის მქონე ადამიანების ნახევარზე მეტს ტესტირების დროს არ ჰქონდა არანაირი ჩივილი  
     
  • უსიმპტომო პერიოდშიც კი ზედა სასუნთქი გზებიდან ვირუსი მაღალი კონცენტრაციით გამოიყოფა

 

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უსიმპტომო პაციენტები დიდ როლს ასრულებენ ვირუსის გავრცელებაში. გარდა ამისა, მაღალი სიკვდილიანობა მიგვანიშნებს, რომ ისეთ დახურულ დაწესებულებებში, რომლებშიც ბევრი ადამიანი მჭიდროდ ცხოვრობს (მაგ., ციხე, პანსიონატი, მოხუცთა თავშესაფარი), დამატებითი პრევენციული ზომების მიღება და მკაცრი კონტროლია საჭირო.

უსიმპტომო ადამიანების მიერ ვირუსის გავრცელება COVID-19 პანდემიის კონტროლის ერთგვარი აქილევსის ქუსლია. სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ტესტირება, რა თქმა უნდა, გამართლებული მიდგომაა, თუმცა, თუნდაც ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან გამომდინარე, დაავადების კონტროლისთვის მხოლოდ ეს ვერ იქნება საკმარისი. მნიშვნელოვანია, ისეთ დაწესებულებებში, რომლებშიც ბევრი ადამიანი ჯგუფურად ცხოვრობს, ხდებოდეს უსიმპტომო პირთა ტესტირება და დაავადებულების ადრეული გამოვლენა.  

სოციალური დისტანცირების და სხვა შეზღუდვების მოხსნა მალე გარდაუვალი იქნება. რადგანაც უსიმპტომო ადამიანებისგან ვირუსის გავრცელება აშკარაა, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა - ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდება და ხელების ხშირი დაბანა.

უპრეცენდენტო პანდემიაზე საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად ბრძოლის უპრეცედენტო სტრატეგია გვჭირდება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ექიმები და მკვლევარები დაუღალავად შრომობენ, რათა ეფექტიან წამალსა და პაციენტების მართვის მართებულ ხერხებს მიაგნონ და პანდემიას გაუმკლავდნენ.  

 

გვახსოვდეს:

  • ახალი კორონავირუსი (SARS-CoV-2) გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით - ცემინებისა და ხველის შედაგად გარემოში მოხვედილი ლორწოს ნაწილაკები ვირუსს შეიცავს.
     
  • COVID-19-ის გადამდებობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ზედა სასუნთქი გზებიდან ვირუსის გამოყოფის მაღალი მაჩვენებელია, მათ შორის, უსიმპტომო პაციენტებშიც.  
     
  • ინკუბაციური პერიოდი ეწოდება დროის მონაკვეთს ვირუსით ინფიცირებიდან დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე. COVID-19-ის ინკუბაციური პერიოდი 1-იდან 14 დღემდე მერყეობს. ყველაზე ხშირად სიმპტომები ინფიცირებიდან მე-5 დღეს იჩენს თავს.
     
  • COVID-19 ის გავრცელების კონტროლის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია სწორედ ისაა, რომ ინკუბაციის პერიოდში ადამიანი უსიმპტომოა, თუმცა, შეუძლია ვირუსი სხვებს გადასდოს.
     
  • ვირუსის გავრცელების წყარო შეიძლება იყოს სრულიად უსიმპტომო ინფიცირებული პირიც.

 
 

წყარო:

nejm.org

covid19info.ge