COVID-19-ის სიმპტომები და ავადობის ხანგრძლივობა


ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) გავრცელებას მსოფლიოში დიდი მსხვერპლი მოჰყვა. მეცნიერებს, მკვლევარებსა და ექიმებს პანდემიასთან გამკლავებასთან ერთად, დაავადების შესწავლის პასუხისმგებლობაც აკისრიათ. ამჟამად ჯერ კიდევ ბევრი რამაა უცნობი და COVID-19-თან დაკავშირებული მონაცემები ყოველდღიურად ახლდება.

საზოგადოებაში ერთ-ერთი ხშირად დასმული კითხვაა - რამდენს ხანს გაგრძელდება ავადმყოფობა, თუ ადამიანი ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) დაინფიცირდა ? 

დავიწყოთ იქიდან, რომ დაავადების (როგორც ინფექციურის, ასევე არაინფექციურის) აღსაწერად მეცნიერები ხშირად იყენებენ ცნებას “დაავადების/ავადმყოფობის ბუნებრივი მიმდინარეობა". 

რას ნიშნავს ეს?

ინფექციებთან მიმართებით, ეს ტერმინი აღწერს, დაინფიცირების შემდეგ რითი ვლინდება და როგორ წარიმართება დაავადება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არ მკურნალობს. უკეთ აღსაქმელად, დავუშვათ, რომ პიროვნება დაინფიცირდა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (HIV) და ის არ იღებს შესაბამის მედიკამენტებს. რას გამოიწვევს ეს ყველაფერი? პირველ რიგში, მოხდება სეროკონვერსია (ადამიანი იქნება აივ დადებითი სკრინინგულ ტესტებზე), შემდეგ ჩამოყალიბდება შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, უშუალოდ დაავადება) და, საბოლოოდ, მაღალი ალბათობით მივალთ ფატალურ შედეგამდე. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ პროცესებს გარკვეული პერიოდი სჭირდება. მაგალითად, აივ დადებითობიდან შიდსის განვითარებამდე შესაძლოა 10 წელი იყოს საჭირო.

რა თქმა უნდა, სხვადასხვა დაავადებას განსხვავებული მიმდინარეობა ახასიათებს. ისიც შესაძლებელია, რომ ერთი და იმავე დიაგნოზის მქონე პაციენტებში დაავადება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს. დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას და იმას, თუ დაავადების რომელ ეტაპზე დაიწყო მკურნალობა.

  • პროცესი იწყება ორგანიზმში პათოგენის მოხვედრით. დროს დაინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე ინკუბაციური პერიოდი ან დაავადების სუბკლინიკური ფაზა ეწოდება. მართალია, ადამიანი ამ დროს უსიმპტომოა, თუმცა, ლაბორატორიული და რადიოლოგური კვლევებით, შესაძლოა, ამ კონკრეტული დაავადებისთვის დამახასიათებელი პათოლოგიური ცვლილებები ვლინდებოდეს.
     
  • ინფექციურობა აღწერს, რამდენი ადამიანი დაინფიცირდა კონკრეტულ პათოგენთან (ვირუსთან) კონტაქტისას.
     
  • პათოგენურობა ასახავს დაინფიცირებულებიდან რამდენს გამოუვლინდა კლინიკური სიმპტომები.
     
  • ვირულენტობა კი გვიჩვენებს, კლინიკური შემთხვევებიდან რამდენი დამძიმდა ან დასრულდა ლეტალურად.
     
  • ადამიანების უმრავლესობას კორონავირუსით ინფიცირებიდან 5 დღეში უვლინდება სიმპტომები. არსებობს ისეთი იშვიათი შემთხვევებიც, როცა ინფექციის ლატენტური პერიოდი 2 კვირა გაგრძელდა.
     
  • საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სუბკლინიკურ ფაზაში ადამიანი უსიმპტომო, მაგრამ გადამდებია.
     
  • COVID-19-ის მქონე იმ პაციენტებში, რომლებსაც დაავადების მსუბუქი ფორმა აქვთ, ავადმყოფობა დაახლოებით 1-2 კვირა გრძელდება.
     
  • ხოლო დაავადების მძიმე ფორმების მქონე ადამიანებს გამოჯანმრთელებისთვის 3-4 კვირა ან უფრო მეტი დრო სჭირდებათ.
     

ვუჰანის (ჩინეთი) მონაცემების სტატისტიკური ანალიზის თანახმად:

  1. COVID-19-ის ინკუბაციური პერიოდი 2-14 დღეა (საშუალოდ 5 დღე)
     
  2. პაციენტების ჰოსპიტალიზაცია სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 3-4 დღეში ხდებოდა
     
  3. ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, კარანტინში ყოფნა სულ მცირე 14 დღის განმავლობაშია რეკომენდირებული
     
  4. გარდაცვლილთა შემთხვევაში, დაავადება დაწყებიდან საშუალოდ 13 დღეში სრულდებოდა ლეტალური შედეგით.
     

სიმპტომების გამოვლენისას ადამიანი დაავადების კლინიკურ ფაზაში გადადის. COVID-19-ის კლინიკური სურათი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. ინგლისურ და ჩინურ მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით, სამედიცინო ვირუსოლოგიის ჟურნალმა (JOURNAL OF MEDICAL VIROLOGY) გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომელშიც აღწერილია, პაციენტების რამდენ პროცენტში ვლინდებოდა ესა თუ ის სიმპტომი:

  • სხეულის ტემპერატურის მატება (ცხელება) - 87%
  • ხველა - 58%
  • სუნთქვის გაძნელება - 38%
  • კუნთების ტკივილი და სისუსტე - 36%
  • ტკივილი/დისკომფორტი გულმკერდის არეში - 31%
  • თავის ტკივილი - 9.4%
  • ფაღარათი (დიარეა) - 6.8%
     

2020 წლის 24 აპრილს NCDC & PH  facebook გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში არსებულ სტატისტიკა ასეთია:

 

გვახსოვდეს:

  • ვირუსი გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი  გზით, რაც ნიშნავს, რომ ცემინებისა და ხველის შედაგად გარემოში მოხვედილი ლორწოს ნაწილაკები ვირუსს შეიცავს.
  • თუ დაინფიცირებულმა ადამიანმა დაახველა/დააცემინა არა თქვენი, არამედ რომელიმე საგნის ზედაპირის მიმართულებით, თქვენ შესაძლოა დაინფიცირდეთ ამ საგნის ზედაპირთან შეხებისა და ხელის ლორწოვან გარსებთან (ცხვირი, პირი, თვალები) მიტანის შედეგადაც.
     
  •  პაციენტი ყველაზე გადამდებია დაავადების საწყის ეტაპზე. თუმცა, ის შესაძლოა გადამდები იყოს მაშინაც კი, როცა უკვე მკურნალობს და გამოჯანმრთელების გზაზეა. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, დაავადებული ადამიანი საშუალოდ 20 დღის განმავლობაშია ვირუსის გავრცელების წყარო. დაფიქსირდა ისეთი შემთხვევაც, როდესაც ადამიანი 37 დღის განმავლობაში იყო გადამდები.
     
  • CDC-ის (შეერთებული შტატების დაავადების კონტროლის ცენტრი) რეკომენდაციით, გამოჯანმრთელებული პაციენტი სიმპტომების ალაგებიდან სულ მცირე 72 საათის განმავლობაში უნდა დარჩეს იზოლაციაში.

 

წყაროები: 

CDC 

MDPI 

Wiley Online Library - Journal of Medical Virology