ანტიბიოტიკები კორონავირუსის წინააღმდეგ არ გამოგვადგება!

 

ანტიბიოტიკები ანტიმიკრობული წამლებია, რომლებიც ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება. იქიდან გამომდინარე, რომ COVID-19 ვირუსით გამოწვეული დაავადებაა და მას არაფერი აკავშირებს ბაქტერიასთან, ანტიბიოტიკები მის წინააღმდეგ საერთოდ არ მოქმედებს.

რატომ ვერაფერს აკლებს ანტიბიოტიკები ვირუსებს? 

საქმე ისაა, რომ ბაქტერიები და ვირუსები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. ბაქტერია დამოუკიდებელი, უჯრედული მიკროორგანიზმია. მას აქვს უჯრედის კედელი და ყველა ის აუცილებელი კომპონენტი (დნმ, რნმ და უჯრედული ორგანოიდები), რომლებიც ცოცხალ თუ არაცოცხალ გარემოში არსებობისა და გამრავლებისთვისაა საჭირო. მართალია, ადამიანის ორგანიზმში შემოღწევისას ინფექციის გამომწვევი ბაქტერიები ცხოველმოქმედებისთვის ჩვენს რესურსებსაც იყენებენ, გამრავლებისა და საკუთარი არსებობისთვის საჭირო ცილების წარმოქმნის თვალსაზრისით, ისინი ჩვენზე არ არიან დამოკიდებულნი. ამისთვის მათ დნმ-ის რეპლიკაციისა და ცილების სინთეზის საკუთარი მექანიზმები აქვთ. 

ანტიბიოტიკები სწორედ ბაქტერიისთვის სპეციფიკურ სტრუქტურებზე (მაგალითად, უჯრედის კედელზე) და მექანიზმებზე (მაგალითად, რიბოსომებზე ცილების სინთეზზე და ა.შ) მოქმედებს. ესა თუ ის ანტიბიოტიკი ბაქტერიის ზრდის შესაჩერებლად ან/და მოსაკლავად მხოლოდ ბაქტერიისთვის დამახასიათებელი კონკრეტული ფუნქციის შესრულებას უშლის ხელს. 

რაც შეეხება ვირუსებს, ვირუსი სიცოცხლის არაუჯრედული ფორმაა. მეტიც, კვლავ საკამათოა, საერთოდ არის თუ არა ვირუსი ცოცხალი ორგანიზმი. ვირუსს სიცოცხლისთვის დამახასიათებელი მხოლოდ ერთი ნიშანი აქვს - გამრავლება და სხვა ცოცხალი უჯრედის გარეშე დამოუკიდებლად ის ამასაც ვერ ახერხებს. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ვირუსი ცილით შემოგარსული გენეტიკური მასალაა (დნმ ან რნმ; არასდროს ორივე ერთად). ბაქტერიებისგან განსხვავებით, ვირუსებს საკუთარი თავის გამრავლებისა თუ სხვადასხვა ფუნქციის შესრულებისთვის აუცილებელი მექანიზმები არ გააჩნია. მას თავისი გენეტიკური მასალის რეალიზაციისთვის, ანუ გამრავლებისა და ფუნქციონირებისთვის ადამიანის (ან სხვა სახეობის) უჯრედი ესაჭიროება. სწორედ ამიტომ, ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი უჯრედების შიგნით ცხოვრობს და თავისი მიზნებისთვის ჩვენსავე ორგანოიდებს, მათ შორის, რიბოსომებს იყენებს. 

როგორც ვთქვით, იმისთვის, რომ ანტიბიოტიკმა იმოქმედოს, მას ესაჭიროება კონკრეტული სამიზნე, რომელიც მხოლოდ ბაქტერიებში გვხვდება. ანტიბიოტიკები ვირუსებს უბრალოდ ვერ ცნობს, რადგან მათ ეს სამიზნეები არ გააჩნიათ. შესაბამისად, ანტიბიოტიკები უბრალოდ არ მოქმედებს ვირუსებზე და, ცხადია, ისინი არც COVID-19-ის სამკურნალოდ გამოგვადგება

გარკვეულ შემთხვევებში ვირუსულ ინფექციას, მათ შორის, COVID-19-ს შესაძლოა თან დაერთოს ბაქტერიული ინფექციაც. ვირუსული ინფექციის კონტექსტში ანტიბიოტიკის დანიშვნას მხოლოდ ეს საფუძველი შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, თანდართული ბაქტერიული ინფექციის არსებობას და ანტიბიოტიკებით მისი მკურნალობის საჭიროებას განსაზღვრავს მხოლოდ და მხოლოდ ექიმი და თვითნებურად ანტიბიოტიკის მიღება აბსოლუტურად დაუშვებელია!

რატომ?

პირველ რიგში, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ანტიბიოტიკებს თავიანთი გვერდითი ეფექტები აქვს. ისინი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, განსაზღვრული დოზითა და ხანგრძლივობით უნდა დაინიშნოს, რათა თავიდან ავიცილოთ ტოქსიკურობა. 

გარდა ამისა, უკიდურესად მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკორეზისტენტობის საკითხი. 1928 წელს ფლემინგის მიერ პენიცილინის (პირველი ანტიბიოტიკი) აღმოჩენა ნამდვილი გარღვევა იყო. ამას დაემატა სხვა ახალი ანტიბიოტიკებიც, რომლებმაც იქამდე სასიკვდილო ინფექციების მკურნალობა იმდენად გააადვილა, რომ ანტიბიოტიკები დღესაც დამსახურებულადაა მიჩნეული მედიცინის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად. არახელსაყრელ პირობებში მოხვედრისას, სიცოცხლის ყველა ფორმას ახასიათებს ბრძოლა გადარჩენისთვის. სწორედ გადარჩენის და ჩვენზე პარაზიტირების გასაგრძელებლად ბაქტერიებს ანტიბიოტიკების მოქმედების დაძლევა უნდა მოეხერხებინათ. და მოახერხეს კიდეც - ბაქტერიებმა გამოიმუშავეს მექანიზმები, რომლებიც მათ ანტიბიოტიკების მიმართ გამძლეობას, ანუ რეზისტენტობას, ანიჭებს. საქმე ისაა, რომ ანტიბიოტიკების არამიზნობრივი და ჭარბი გამოყენება ხელს უწყობს, ზოგადად, რეზისტენტობის ჩამოყალიბებას და რეზისტენტული ბაქტერიების გადარჩენას. როცა რეზისტენტული შტამები პოპულაციაში ფართოდ ვრცელდება, კონკრეტული ინფექციის მკურნალობა ძალიან რთულდება და, მეტიც, ზოგჯერ შეუძლებელიც ხდება. ამის თვალსაჩინო მაგალითია ტუბერკულოზი. როცა 1940-იან წლებში მისი ანტიბიოტიკებით მკურნალობა გახდა შესაძლებელი, ტუბერკულოზი უნივერსალურად განკურნებად ინფექციად ჩაითვალა. თუმცა, ანტიბიოტიკორეზისტენტობის გამო, ტუბერკულოზის გამომწვევი ბაცილა ეტაპობრივად მდგრადი გახდა სხვადასხვა მედიკამენტის მიმართ. წლების განმავლობაში აღმოცენდა ტუბერკულოზის რეზისტენტული (DR-TB), მულტირეზისტენტული (MDR-TB) და ზემდგრადი (XDR-TB) შტამები. ეს შტამები სხვადასხვა ხარისხით მდგრადია ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი და მეორე რიგის ანტიბიოტიკების მიმართ და მათ მიერ გამოწვეული ინფექციის მკურნალობა უკიდურესად რთულია. ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ტუბერკულოზი უმნიშვნელოვანესი გლობალური პრობლემაა და, სამწუხაროდ, მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი საქართველოშიც მეტად გავრცელებულია.

გახსოვდეთ, ანტიბიოტიკები უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როცა მათი გამოყენების სარგებლიანობა აღემატება რეზისტენტობის რისკებს. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, ყოველწლიურად მხოლოდ შეერთებულ შტატებში ანტიბიოტიკოთერაპიის 47 მილიონი კურსი (სულ დანიშნული ანტიბიოტიკების დაახლოებით 30%) ინიშნება არამიზნობრივად - გაციების, გრიპის და სხვა ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ. ეს რიცხვი და ტენდენცია საგანგაშოა. ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება ქმნის სრულებით რეალურ საფრთხეს იმისა, რომ ერთხელაც ანტიბიოტიკები საერთოდ ვეღარ დაგვეხმარება და ჩვენ პოსტ-ანტიბიოტიკურ ერაში შევაბიჯებთ.

ამის თავიდან აცილება თითოეული მოქალაქისა თუ სამედიცინო მუშაკის პასუხისმგებლობაა. 

აქედან გამომდინარე, გთხოვთ, ნუ მიიღებთ და ნურავის ურჩევთ, მიიღოს ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულების გარეშე!

 

 

წყაროები: 

CDC

WHO