საყოფაცხოვრებო ქიმია ჩვენი ორგანიზმისთვის სასიკვდილოა!


საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებები ის ნივთიერებები, ხსნარებია და ფხვნილებია, რომლებიც ძირითადად ზედაპირების, ჭურჭლის ან ტანსაცმლის გასასუფთავებლად, სადეზინფექციოდ ან გასათეთრებლად გამოიყენება. საყოფაცხოვრებო ქიმიკატები ამ ფუნქციებს მეტად ეფექტიანად ასრულებს. სწორედ ამავე მიზეზით ისინი ადამიანის ორგანიზმისთვის უკიდურესად ტოქსიკურია.  

COVID-19-ის პანდემიის პირობებში სადეზინფექციო საშუალებებს უფრო ხშირად ვიყენებთ და ამ ფონზე განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. მაგალითად, შეერთებულ შტატებში საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის შემთხვევებმა იმატა, რაც სწორედ კორონავირუსისგან თავდაცვის მცდელობებს დაუკავშირეს.  

თუმცა, კიდევ უფრო საყურადღებო და სახიფათო ბოლო დღეებში გავრცელებული მოწოდებაა, რომ თითქოს სადეზინფექციო ხსნარის დალევა ან ინექცია ორგანიზმში არსებულ ვირუსს მოკლავს. არასდროს გამოივლოთ, დალიოთ და შეისუნთქოთ ქიმიკატები! მოარიდეთ ისინი კანს და გახსოვდეთ, საყოფაცხოვრებო ქიმია ადამიანის ორგანიზმისთვის არ არის განკუთვნილი!

ეს გაფრთხილებები ეხება როგორც მათეთრებელს, ასევე, აბაზანის, ავეჯის, იატაკის და სხვა ზედაპირების საწმენდებს, ჭურჭლის სარეცხ ჟელეს და ნებისიერ სადენზიფექციო საშუალებას, რომელიც არ არის განკუთვნილი კონკრეტულად კანზე გამოსაყენებლად (ხელის სადეზინფექციო ხსნარი). ამ ქიმიკატების კანზე და ორგანიზმში, განსაკუთრებით, პირის ღრუში, ყელში, ფილტვებში ან თვალებში მოხვედრამ, შესაძლოა, დამწვრობა და ქსოვილების შეუქცევადი, სასიკვდილო დაზიანება გამოიწვიოს.  

ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებები ორგანიზმში კორონავირუსს ისედაც ვერ გაანადგურებს. ვირუსი უჯრედებში სახლობს და ეს საშუალებები მას ვერც დაასუსტებს და ვერც მოკლავს, ჩვენს ორგანიზმს კი - ადვილად.  

თუ საყოფაცხოვრებო გამწმენდი კანზე მოგხვდებათ, კარგად ჩამოიბანეთ კანის ეს უბანი დიდი რაოდენობით წყლითა და ნაზი საპნით. სადეზინფექციო ხსნარის გადაყლაპვის შემთხვევაში არ გამოიწვიოთ ღებინება - ეს დამწვრობებს გააუარესებს. ამ შემთხვევაში დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი, რათა მოხდეს ქიმიკატის განზავება. ნებისმიერ ასეთ ვითარებაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს (112) ან დამწვრობის ცენტრს!

ზოგადად, სისუფთავის დაცვა და ზედაპირების დეზინფექცია მეტად მნიშვნელოვანია. თუმცა, უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ ზედმიწევნით დავიცვათ პროდუქტის მოხმარების წესები და მივდიოთ შემდეგ რეკომენდაციებს:

  • პირველ რიგში, ჭუჭყის და სხვადასხვა ნარჩენი პროდუქტების მოსაშორებლად ზედაპირები გაწმინდეთ საპნით და სუფთა, თბილი წყლით. მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენეთ საყოფაცხოვრებო ქიმია.
     
  • ყოველთვის გამოიყენეთ რეზინის ერთჯერადი ხელთათმანები, რეზინის ფეხსაცმელი. დაიცავით თვალები.
     
  • სადენზიფექციო საშუალებების გამოყენებისას, კარგად გაანიავეთ ოთახები. 
     
  • შეეცადეთ არ შეისუნთქოთ აორთქლებული პროდუქტი.
     
  • სადენზიფექციო/საწმენდი საშუალება გამოიყენეთ მხოლოდ იმ ნივთებსა და ზედაპირებზე, რომლებისთვისაც ის განკუთვნილია (ყოველთვის გაეცანით შეფუთვაზე დატანილ მითითებებს!)  
     
  • არ განაზავოთ მათეთრებელი ამიაკთან ან სხვა ნებისმიერ საწმენდ საშუალებასთან; არ შეურიოთ ქიმიკატები ერთმანეთს.
     
  • როცა დასუფთავებას დაასრულებთ, კარგად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით 20 წამის განმავლობაში (დიახ, რეზინის ხელთათმანის გამოყენების მიუხედავად!)

     

წყაროები:
cdc.gov
cdc.gov
ncbi.nlm.nih.gov