შესაძლებელია თუ არა კორონავირუსი შინაური ცხოველისგან გადამედოს?


დღევანდელი მონაცემებით არ დასტურდება, რომ შინაური ცხოველები ახალ კორონავირუსს ავრცელებენ ან ინფექციის წყაროს წარმოადგენენ. ცხოველებში ავადობა შესაძლებელია გამოიწვიოს სხვა ტიპის კორონავირუსებმა, თუმცა, ისინი ადამიანებს არ გადაეცემა და მიმდინარე პანდემიას არ უკავშირდება. 

მიუხედავად ამისა, სხვა ინფექციური დაავადებების არსებობის გამო, აუცილებელია დავიცვათ ჰიგიენის წესები და დავიბანოთ ხელები ცხოველებთან თამაშის შემდეგ.
 

ინფიცირდებიან თუ არა ცხოველები ახალი კორონავირუსით?

როგორც ვიცით, კორონავირუსი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე ჰაერ-წვეთოვანი გზით და ზედაპირებთან შეხებით. ამჟამად უსიმპტომო დაინფიცირებული ადამიანიდან ვირუსის ცხოველისთვის გადადების 3 სავარაუდო შემთხვევაა დაფიქსირებული. თუმცა, ამ საკითხზე ჯერ კიდევ ბევრი დეტალი უცნობია.  

სანამ მეტ ინფორმაციას გავიგებთ, აუცილებელია მოწოდებული ზოგადი რეკომენდაციების დაცვა. იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ საეჭვო სიმპტომები ან უკვე დადასტურებული COVID19-ის დიაგნოზი, მოერიდეთ როგორც ადამიანებთან, ასევე ცხოველებთან ახლო კონტაქტს. 
 

შეიძლება ჩემი ძაღლი გარეთ გავასეირნო? რა წესები უნდა დავიცვა ამ შემთხვევაში?

დიახ, თქვენ შეგიძლიათ ძაღლის გარეთ გასეირნება, თუმცა, აუცილებელია დავიცვათ მოწოდებული ზოგადი რეკომენდაციები, როგორებიცაა:

  • სოციალური დისტანცირება: ძაღლის გარეთ გასეირნებისას ვეცადოთ 2 მეტრის დისტანცია დავიცვათ სხვა ადამიანებისგან (და მათი ძაღლებისგან).
     
  • ჰიგიენის წესების დაცვა: კარგად დაიბანეთ ხელები ძაღლის გასეირნების და მასთან თამაშის შემდეგ.
     
  • შინაური ცხოველის გასუფთავება: გარედან სახლში დაბრუნებისას, ნაზად გაუწმინდეთ ძაღლს ფეხები და ბეწვი თბილი წყლით და საპნით ან დაუმუშავეთ ანტისეპტიკური, სადეზინფექციო ხსნარით.

 

წყარო :  
cdc.gov
cdc.gov
who.int