პანდემიის გაშუქება - რჩევები ჟურნალისტებისათვის


პანდემიის პირობებში, სამედიცინო სექტორთან და სახელმწიფო უწყებებთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრა მედიასაც. დღეს, როცა ახალი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის ნაკადი არ წყდება, მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებმა სწორად შეარჩიონ მასალა, ერთმანეთისგან განასხვავონ მცდარი და მართებული ცნობები და, რაც მთავარია, ზუსტად და გასაგებად მიაწოდონ ინფორმაცია მოსახლეობას. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ სხვადასხვა, მათ შორის, ჟურნალისტური ორგანიზაციების მოწოდებულ რჩევებს COVID-19-ის გაშუქების შესახებ. რეკომენდაციები კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭომ (IREX) შეაჯამა.

 

ძირითადი საკითხები:

თემის შერჩევა

წყაროების შერჩევა

ფაქტების დადასტურება/გადამოწმება

სწორი რეპორტირება

ვიზუალური მასალის გადამოწმება

რუკების გაანალიზება

სიტყვების სწორად შერჩევა

ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება

დამატებითი წყაროები
 

სიუჟეტისთვის/სტატიისთვის თემის შერჩევა

მოგეხსენებათ, მოსახლეობისთვის მიწოდებული სიახლე საინტერესო და ყოვლისმომცველი უნდა იყოს. დღეს ძალიან ბევრი ახალი ამბავი ვრცელდება, მაგრამ თუ გსურთ, თქვენი მომზადებული მასალა გამორჩეული იყოს, შეეცადეთ ინფორმაცია ყოველთვის პირველწყაროდან მოიპოვოთ. ამ შემთხვევაში პირველწყაროს ექიმები, ჰოსპიტლები, მეცნიერები და გამოჯანმრთელებული ადამიანები წარმოადგენენ. გარდა ამისა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაესაუბრეთ და ბევრი იკითხეთ. ეს ობიექტური გაშუქების საფუძველია და, ამასთან, შესაძლოა, შთაგონების პოვნაში დაგეხმაროთ.

არ დაივიწყოთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემები, მაგალითად, ხელების სწორად დაბანა, სოციალური დისტანცირება და ა.შ. შესაძლოა, ეს გაცვეთილ და არა ხმაურიან თემებად გვეჩვენებოდეს, მაგრამ, სინამდვილეში, ისინი მოსახლეობისთვის სასარგებლო და პრაქტიკულია.
 

სანდო წყაროების შერჩევა

დღეს სოციალურ ქსელებში მრავლად გვხვდება დეზინფორმაცია და ყალბი ახალი ამბები. პანდემიის პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებმა მხოლოდ სანდო, გადამოწმებული და მტკიცებულებებით განმტკიცებული ინფორმაცია გაავრცელონ. სხვა შემთხვევაში მედია შესაძლოა უნებლიედ გახდეს ფსევდომეცნიერების წყარო, რაც საზოგადოებისთვის მეტად საზიანოა. ამის თავიდან ასაცილებლად, გამოიყენეთ ისეთი სანდო წყაროები, როგორებიცაა, მაგალითად:

World Health Organization

Centers for Disease Control and Prevention

Johns Hopkins Coronavirus Resource Center  
 

პროფესიონალი ჟურნალისტების საზოგადოება ჟურნალისტებს დამატებით წყაროებს თავაზობს:  

Global Health Security Index

U.S. Department of Health and Human Services (section about the coronavirus)

guidance on country-specific travel risks

TheNewsMarket Inc.

MPassport.com

 

ფაქტების გადამოწმება/დადასტურება

ინტერნეტსივრცეში კორონავირუსის შესახებ არსებული ცნობების ძალიან დიდი ნაწილი არამართებული ან არასწორად ინტერპრეტირებულია. თქვენ უნდა დაეხმაროთ საზოგადოებას, განასხვავოს, რა არის დანამდვილებით ცნობილი და რა - მხოლოდ ვარაუდი. აქედან გამომდინარე, სანამ თქვენი მომზადებული მასალა მკითხველამდე ან მაყურებლამდე მივა, სრულად დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ის საეჭვო არ არის. ამისთვის უნდა გადაამოწმოთ, ეხმიანება თუ არა თქვენს მასალაში არსებული ცნობები ჯანდაცვის ადგილობრივი და საერთაშორისო უწყებების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. გახსოვდეთ, COVID-19 სულ ახალი დაავადებაა და ამ საკითხში ცოტა ადამიანია კომპეტენტური. შეეცადეთ, სწორედ ამ ექსპერტებს ესაუბროთ.  

თქვენ უნდა მოახერხოთ ფაქტების გამორჩევა ჭორებისგან, დაუსაბუთებელი თეორიებისგან და „ნახევრად სიმართლეებისგან“. გადამოწმებისთვის ზემოთ მოყვანილი წყაროები გამოგადგებათ. ცრუ ამბებისა და მითების ნაწილი სამედიცინო სამყარომ უკვე უარყო. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს:

დამატებითი მაგალითები იხილეთ ჩვენს ალბომში.

 

რეპორტაჟის სწორად მომზადება  

  • სიღრმისეულად შეისწავლეთ და სწორად შეაფასეთ გარემო, რომელშიც მოქმედება მიმდინარეობს და ობიექტურად ასახეთ ის თქვენს ნაშრომში. დარწმუნდით, რომ მომზადებული მასალა შეესაბამება რეალობას. შეისწავლეთ, გადაამოწმეთ და მხოლოდ შემდეგ გამოაქვეყნეთ.  
     
  • დაკვირვებით შეარჩიეთ სათაური. რა თქმა უნდა, სათაური ყურადღებას უნდა იქცევდეს. თუმცა, მან საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს და არც პანიკის გაძლიერებას უნდა შეუწყოს ხელი.  
     
  • გახსოვდეთ, ყველა მონაცემი არ არის ზუსტი. აუცილებელია, მკითხველს/მაყურებელს განუმარტოთ სტატისტიკური მონაცემების ნაკლოვანებები. ისეთი დინამიკური და მასშტაბური პროცესის გაშუქებისას, როგორიც COVID-19-ის პანდემიაა, მონაცემები მუდმივად ახლდება და იცვლება. არ გამოგრჩეთ თქვენს მასალაში მონაცემების შეკრების თარიღის მითითება და დროთა განმავლობაში საზოგადოებას განახლებული ინფორმაცია მიაწოდეთ.
     
  • რადგან გადაღლა სრულებით ნორმალურია და ეს თქვენს ნამუშევარსაც დაეტყობა, ნუ დაამუშავებთ ერთდოულად უამრავ ინფორმაციას. უმჯობესია, ხარისხზე გაამახვილოთ ყურადღება და რამდენჯერმე გადაამოწმოთ, რამდენად სრული და გასაგებია თქვენი ნამუშევარი.

 

ვიზუალური მასალის გადამოწმება

კორონავირუსზე ინფორმაციის მოპოვებისას ბევრ ერთი შეხედვით ავთენტურ სურათს და ვიდეოკლიპს წააწყდებით. სინამდვილეში, ამ მასალების დიდი ნაწილი კონტექსტიდან ამოგლეჯილია და საერთოდ არ ასახავს მიმდინარე მოვლენებს. ამიტომ, გამოსახულებები საგულდაგულოდ უნდა გადაამოწმოთ. ამისთვის რამდენიმე ხერხი არსებობს:

ფოტოების გადამოწმება:

Google Images: გამოიყენეთ ეს პლატფორმა და ატვირთეთ გამოსახულება, რომლის გადამოწმებაც გსურთ. გუგლი განახებთ ვებგვერდებს, რომლებზეც ეს სურათია გამოყენებული. ასევე შეგიძლიათ ჩაიწეროთ Chrome ბრაუზერის დანამატი “search by image”.

RevEye Reverse Image Search

TinEye Reverse Image Search

Bing Visual Search

Jeffrey Friedl’s Image MetadataViewer:  EXIF, ანუ ცვლადი ფაილების ფორმატი, არის ჩანაწერი, რომელსაც ციფრული კამერა ფოტო ფაილებში ინახავს. ეს პლატფორმა საშუალებას გაძლევთ, მოიპოვოთ ინფორმაცია კამერის მოდელზე, მის ლინზაზე, ჩამკეტის სისწრაფეზე, სურათის გადაღების თარიღსა და ზუსტ დროზე, გადაღების ადგილზეც კი, თუ კამერა იყენებს GPS-ს.
 

ვიდეოების გადამოწმება:

Fake News Debunker by InVID & WeVerify: Google Chrome-ის დანამატი, რომელიც ვიდეოს კადრებად ანაწევრებს. დანაწევრების შემდეგ შეგიძლიათ თითოეული კადრი სურათების საძიებო სისტემაში გაატაროთ და ამ გზით გამოიკვლიოთ ვიდეოს შინაარსი.

Watch Frame by Frame: ეს აპლიკაცია დაგეხმარებათ შეამოწოთ, არის თუ არა ვიდეო ციფრულად დამუშავებული.

YouTube Data Viewer: ეს აპლიკაცია გაჩვენებთ ვიდეოს ატვირთვის დღეს, დროსა და სხვა დეტალებს.  
 

რუკების ანალიზი

რუკებმა, შესაძლოა, უნებურად ან მიზანმიმართულად შეცდომაში შეგიყვანოთ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლისა და ფრენის მარშრუტების რუკის არასწორად ინტერპრეტაციის შედეგად, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ეს ვუჰანის მაცხოვრებლების ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში გადაადგილების ტრაექტორიას წარმოადგენდა. ეს რუკა არა მხოლოდ ელვის სისწრაფით გავრცელდა მთელ ინტერნეტსივრცეში, არამედ რამდენიმე საერთაშორისო გამოცემაშიც კი გამოქვეყნდა.

მსგავსი გაუგებრობის თავიდან ასარიდებლად, First Draft-მა ჟურნალისტებისთვის რუკების გზამკვლევი გამოაქვეყნა. რუკისა და მასზე დატანილი ინფორმაციის ანალიზისას დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:  

  • სათაური, აღწერა, წყარო და სხვა მითითებული ინფორმაცია წაიკითხეთ?
     
  • ვინ შექმნა რუკა და რატომ? იმის დასადგენად, აქამდეც გამოჩნდა თუ არა ის ინტერნეტსივრცეში, გამოსახულების ძიების სისტემები (იხ. ზემოთ) გამოვიყენე?  
     
  • თუ რუკაზე დატანილია მონაცემები: რა ტიპის მონაცემებია? საიდანაა ეს მონაცემები აღებული? რამდენად სანდოა?  
     
  • შეამოწმეთ, რამდენადაა დაცული ქვეყნების, რეგიონების ზომები? ეს ზომები სწორია თუ დამახინჯებული გეჩვენებათ?
     
  • რუკის დიზაინი რუკაზე აღწერილი სურათის გადმოცემაზე მოქმედებს?
     

სიტყვების სწორად, ფრთხილად შერჩევა

ინფორმაციის შინაარსთან და ობიექტურობასთან ერთად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სათქმელის გადმოცემის ფორმასაც.  

  • ნუ გაამწვავებთ ვითარებას: მთელი მსოფლიო ისედაც დაძაბულია. მოერიდეთ ისეთ ტერმინებს, რომლებიც შიშს და პანიკას დათესავს (მომაკვდინებელი, საშინელი). ეცადეთ, ნაკლებად გამოიყენოთ ზედსართავი სახელები და ყურადღება ფაქტებზე გაამახვილოთ.
     
  • გამოიყენეთ ის მონაცემები, რომლებიც მაქსიმალური სიზუსტით აღწერს ვითარებას: მაგალითად, თუ შენობაში მყოფი 1000 ადამიანიდან 312 დაავადდა, უმჯობესია ეს ინფორმაცია სწორედ ამ სიტყვებით გადმოსცეთ. „შენობაში მყოფი ხალხის დაახლოებით ნახევარი დაავადდა“ ნაკლებად ზუსტი და უფრო დამთრგუნველი ფორმულირებაა.
     
  • გამოიჩინეთ ემპათია დაავადებულების მიმართ: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მოგვიწოდებს, არ მოვიხსენიოთ პაციენტები სიტყვებით „მსხვერპლი“, “COVID-19-ის შემთხვევა“, „COVID-19-ით დაავადებული ოჯახები“. უმჯობესია ვთქვათ: „ადამიანები, რომლებსაც COVID-19-ის მკურნალობა უტარდებათ“ ან „ გამოჯანმრთელების ფაზაში მყოფი პირები“.
     
  • გადაამოწმეთ, ნებით თუ უნებლიედ თქვენი მომზადებული მასალა მიკერძოებული ხომ არ არის. მაქსიმალურად მოერიდეთ სხვადასხვა დაუსაბუთებელ თეორიის მიმხრობას და ნუ შეუწყობთ ხელს ფსევდომეცნიერების ტირაჟირებას.
     

ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება

არც ერთი რეპორტაჟი არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ. ამიტომ, პროფესიული მოვალეობების პირნათლად შესრულებასთან ერთად, არ უნდა დაგავიწყდეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციები ვრცელდება თითოეულ მოქალაქეზე, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებზეც.  

ამასთან, ჟურნალისტებმა სიფრთხილის დამატებითი ზომები უნდა მიიღონ, რადგან არსებულ ვითარებაში მათი პროფესიული საქმიანობაც იცვლება.  

  • ინტერვიუს პროცესში, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში, ერთი რესპოდენტის გარშემო ბევრი ჟურნალისტი იყრის ხოლმე თავს. აუცილებლად დაიცავით გონივრული დისტანცია - ჟურნალისტებს და რესპოდენტებს შორის მანძილი არანაკლებ 1-1.5 მეტრი უნდა იყოს. დისტანციის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ.
     
  • შესაძლო დაინფიცირებული ადამიანების გაშუქებისას რეკომენდირებულია ინტერვიუს ჩაწერა მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით.
     
  • თუ რეპორტიორი არ ხართ და ამის შესაძლებლობა გაქვთ, სახლიდან იმუშავეთ. თუ არ გაქვთ ეს შესაძლებლობა, სამედიცინო ნიღბის გამოყენების გარეშე შესაძლო ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტს თავი აარიდეთ.  
     
  • თქვენი აპარატურა (მაგ., მიკროფონი) შესაძლოა ინფექციის წყარო იყოს. აუცილებლად გაეცანით აღჭურვილობის დეზინფექციის წესებს და რეგულარულად ჩაატარეთ ეს ღონისძიებები. (მაგ. რეკომენდირებულია ინტერვიუს დროს მიკროფონის გამოყენება ღრუბლის გარეშე. დასრულებისთანავე მიკროფონის მთლიან კორპუსს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია)
     
  • თქვენმა ოჯახმა უნდა გააცნობიეროს, რომ პროფესიიდან გამომდინარე, შესაძლოა მათგან იზოლირება მოგიწიოთ. თუ ოჯახთან რჩებით, მათთვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად დაიცავით შემდეგი რეკომენდაციები:

           o  სახლში მოსვლისას, ოჯახის წევრებთან ურთიერთობამდე მიიღეთ შხაპი.

           o  გარეცხეთ ტანსაცმელი  

           o  სახლში შესვლისთანავე ჩაუტარეთ დეზინფექცია კარის სახელურს.

 

პროფესიიდან გამომდინარე, თქვენ ისედაც ხშირად გიწევთ სტრესულ გარემოში მუშაობა. პანდემიის დროს ეს დატვირთვა გაათმაგებულია და თქვენ სახიფათო ადგილებში გიწევთ ყოფნა. შესაძლოა, თქვენი რუტინა დისტანციური მუშაობის საჭიროების გამო შეიცვალა და ეს გთრგუნავთ. თქვენი დაძაბულობა თქვენს ტონსაც ცვლის, რაც თქვენს მკითხველსა თუ მაყურებელზეც მოქმედებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, იმისთვის, რათა კვლავ პროდუქტიული იყოთ, ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, ფსიქიკურ მდგომარეობაზეც უნდა იზრუნოთ.  

 

ამისთვის რამდენიმე რჩევას გთავაზობთ:

  • მუდმივად გქონდეთ უახლესი, სანდო ინფორმაცია და მიიღეთ უსაფრთხოების ზომები. გაურკვევლობა სტრესს აუარესებს.
  • სამუშაო გრაფიკის შედგენასთან ერთად, არ დაგავიწყდეთ თავისუფალი დროის გამოყოფა. ერთმანეთისგან განაცალკევეთ სამუშაო და მოსასვენებელი გარემო.
  • შესვენებას მიეცით ფიზიკური აქტივობის სახე, თუნდაც ეს მხოლოდ ფანჯარასთან მისვლას ან რამდენიმე წუთით ცეკვას მოიცავდეს.
  • დარწმუნდით, რომ საკმარისად გძინავთ.
  • ჯანსაღად იკვებეთ.
  • იკონტაქტეთ მეგობრებთან, კოლეგებთან, გაუზიარეთ ემოციები და დაეხმარეთ ერთმანეთს.
  • ეცადეთ, ეს რთული ვითარება გამოწვევად და ახლის შესწავლის შესაძლებლობად აღიქვათ.  
  • ხშირად აკეთეთ ის, რაც ყველაზე მეტ სიამოვნებას გგვრით (ხატვა, ვარჯიში, სიმღერა, კითხვა,იოგა)

თუ ჩამოთვლილი ქმედებების მიუხედავად, თავს კარგად მაინც არ გრძნობთ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.  

 

შეჯამებისთვის წარმოგიდგენთ ჟურნალისტების საერთაშორისო ქსელის 10 მარტივ მითითებას პანდემიის პირობებში მომუშავე ჟურნალისტებისთვის:

  1. სწორად შეაფასეთ გარემო და ასახეთ ის თქვენს ნაშრომში
     
  2. ყურადღება ფაქტებზე გაამახვილეთ და არა - ანალიზზე
     
  3. დაკვირვებით შეარჩიეთ სათაური
     
  4. თვალი ადევნეთ მონაცმებს და დარწმუნდით მათ სიზუსტეში
     
  5. მოუსმინეთ რაც შეიძლება მეტ რესპოდენტს
     
  6. მოერიდეთ სოციალურ სტიგმებს
     
  7. სწორად შეარჩიეთ ინფორმაციის წყარო
     
  8. არ უგულებელყოთ „უბრალო“, არაეპატაჟური ამბები
     
  9. ზომიერად შეარჩიეთ თქვენი სამუშაოს მოცულობა

    10. პანდემიის დასრულების შემდეგ, განაგრძეთ საზოგადოების ინფორმირება
          მისი შედეგების შესახებ

 

 

დამატებითი წყაროები:

9 Lessons from Chinese Journalists on Covering COVID-19 (Global Investigative Journalism Network)

10 Tips for Journalists Covering COVID-19 (International Journalists’ Network)

12 Writing Tools to Make COVID-19 Coverage Comprehensible. One Stands above the Rest (Poynter Institute)

Coronavirus: Resources for Reporters (First Draft)

Covering Coronavirus: Resources for Journalists (Dart Center for Journalism and Trauma)

Covering COVID-19 and the Coronavirus: 5 Tips from a Harvard Epidemiology Professor (Harvard Kennedy School’s Shorenstein Center on Media, Politics, and Public Policy)

CPJ Safety Advisory: Covering the Coronavirus Outbreak (Committee to Protect Journalists)

Five Tips for Education Reporters Covering the Coronavirus: How COVID-19 Health Crisis Could Impact Students and Schools, and What Education Leaders Are Doing to Prepare (Education Writers Association)

How Journalists Are Working Together to Cover the COVID-19 Pandemic (Nieman Lab)

How Journalists Can Fight Stress from Covering the Coronavirus (Poynter Institute)

How to Demonstrate Trustworthiness with Your Coronavirus Coverage (Trusting News Project)

How to Live and Work with Professional Burnout (Sdelano.Media)

Media Ethics, Safety, and Mental Health: Reporting in the Time of COVID-19 (Ethical Journalism Network)