მიეკუთვნებიან თუ არა ავთვისებიანი სიმსივნის მქონე ადამიანები მაღალი რისკის ჯგუფს?


ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნე და მკურნალობა, მაგალითად, ქიმიოთერაპია იმუნოსუპრესიას, ანუ იმუნური სისტემის დასუსტებას, იწვევს. ამით ნებისმიერი მიკრობით, შესაბამისად, ახალი კორონავირუსით ინფიცირების რისკიც იზრდება. ქიმიოთერაპიის კურსის განმავლობაში არის პერიოდები, როდესაც ინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია. ქრონიკული დაავადებების, მათ შორის, ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტებში იმატებს ინფექციის, ამ შემთხვევაში, COVID-19-ის გართულებების ალბათობაც. შესაბამისად, ადამიანებმა, რომელთა იმუნური სისტემაც ამა თუ იმ მიზეზით დასუსტებულია, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაიცვან მოწოდებული რეკომენდაციები.

 

როგორ დავიცვა თავი, თუ ავთვისებიანი სიმსივნე მაქვს?

მოგეხსენებათ, დღეისთვის COVID-19-ის სამკურნალო სპეციფიკური წამალი და მისი საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი არ არის. აქედან გამომდინარე, ახალი კორონავირუსით ინფიცირების თავიდან აცილების საუკეთესო გზა სიფრთხილის ზომების დაცვაა:

• დარჩით სახლში და მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს.

• მოერიდეთ ადამიანებთან არასაჭირო კონტაქტს, მაგალითად, ხელის ჩამორთმევას.

• ეცადეთ იშვიათად მოიკიდოთ სახეზე ხელი.

• ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით სულ მცირე 20 წამის განმავლობაში, განსაკუთრებით, საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ, ჭამის წინ, ცხვირის მოწმენდის, დახველების და დაცემინების შემდეგ.

• აიცერით გრიპზე

 

დამატებითი რჩევები ადამიანებისთვის, რომლებიც COVID-19-ის გართულებების რისკის ქვეშ არიან:

• მოიმარაგეთ რამდენიმე კვირის სამყოფი საჭირო მედიკამენტები და სხვა აუცილებელი ნივთები.

• მაქსიმალურად მოერიდეთ სახლიდან გასვლას. პროდუქტების მოტანა ოჯახის წევრებს ან მეზობლებს თხოვეთ.

 

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში ვიტარებთ?

COVID-19 პანდემიის გამო, სამედიცინო დაწესებულებებში ზოგიერთი წესი შეიცვალა. დაგეგმილ ვიზიტამდე აუცილებლად დაუკავშირდით თქვენს ექიმს და შეასრულეთ მისი მითითებები. შესაძლოა, მან მკურნალობის მეთოდის ან დროის შეცვლა გადაწყვიტოს. ზოგიერთი სიმსივნის მკურნალობის გადადება უსაფრთხოა, ზოგიერთის - არა. თქვენი ექიმი აწონ-დაწონის მკურნალობის გადადების ან არ ჩატარების და დაინფიცირების რისკებს და ამის მიხედვით დაგეგმავს შემდგომ ნაბიჯებს. თუ ეს შესაძლებელი იქნება, ის კონსულტაციას დისტანციურად გაგიწევთ.

 

წყარო:  

cancer.gov