SARS-CoV-2-ის წარმოშობა: რატომ არ არის ის ლაბორატორიაში შექმნილი ბიოლოგიური იარაღი?


ალბათ უკვე ბევრჯერ გინახავთ და მოგისმენიათ განცხადებები იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსი თითქოს ხელოვნურად შექმნილი ვირუსია. მართლაც, ასეთი თეორიები მეტად გავრცელებულია და, რაც ერთი შეხედვით გასაკვირია, მათ ავტორებად და მომხრეებად არა მკვლევარები, არამედ შესაბამისი კომპეტენციის არმქონე ადამიანები, მათ შორის, პოლიტიკოსები გვევლინებიან.

კონსპირაციის სხვადასხვა თეორიას შორის ძირითადი განსხვავებაა ისაა, თუ ვის აბრალებენ მისი აპოლოგეტები ახალი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის, გავრცელებას. 

ერთ მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც მიანიშნებენ ან ზოგ შემთხვევაში ღიად აცხადებენ, რომ ვირუსი ჩინეთმა შექმნა. მათი მთავარი არგუმენტი ვუჰანში მდებარე ბიოუსაფრთხოების მე-4 დონის ლაბორატორიაა (BSL-4). ასეთ ლაბორატორიებში მიმდინარეობს დაკვირვება და მუშაობა სახიფათო პათოგენებზე (მიკრობებზე), რომლებიც მაღალი ლეტალობით ხასიათდება (მაგ., ებოლას ვირუსი). ბიოუსაფრთხოების მე-4 დონის ლაბორატორიები სპეციალურადაა აღჭურვილი შესაბამისი, ყველაზე მკაცრი დაცვის სისტემებით. ასეთი ლაბორატორია ვუჰანშიცაა და ამერიკის რამდენიმე შტატშიც. ბუნებრივია, ქვეყანაში ისეთი ლაბორატორიის არსებობა თავისთავად არგუმენტს არ წარმოადგენს. (ბიოუსაფრთხოების დონეებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. ცნობისთვის, საქართველოში, ლუგარის ცენტრში, BSL-2 და BSL-3 დონის ლაბორატორიებია განლაგებული). 

კონსპირაციის თეორეტიკოსების მეორე მხრიდან ვირუსის შექმნა და შემდგომ სამხედრო ძალებით ჩინეთში გავრცელება, ცხადია, აშშ-ს ბრალდება. სოციალურ ქსელებში მიმდინარე ამ დებატებში მაღალი რანგის პოლიტიკოსები და შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც კი ჩართულია.

ყველა აღნიშნული განცხადება მხოლოდ სპეკულაციაა. არც ერთი მხარის კონსპირაციული თეორია SARS-CoV-2-ის ხელოვნურობის შესახებ არ დასტურდება. მეტიც, მეცნიერება და მეცნიერები, რომლებიც სიმართლის დასადგენად და პრობლემის გადაჭრის გზების მოსაძიებლად თავდაუზოგავად შრომობენ, ორივე მხარის არგუმენტებს უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ ახალი კორონავირუსი ბუნებრივი პროცესების შედეგად ჩამოყალიბებული მიკროორგანიზმია.

ეპიდემიოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით, ვირუსის რეზერვუარს ღამურები წარმოადგენენ. მათ დააინფიცირეს სხვა ცხოველები, რომლებიც შემდგომ ჩინეთში, ველური ცხოველების ბაზრობებზე იყიდებოდა. ასეთ ბაზრობებზე ერთად ხვდებიან სხვადასხვა სახეობის ისეთი გარეული ცხოველები, რომელთაც ბუნებრივ პირობებში ერთმანეთთან შეხვედრის ძალიან მცირე შანსი ექნებოდათ. ამ ცხოველებთან ერთად არიან ღამურებიც. ამგვარად, ალბათ შესაძლებელია იმის თქმაც, რომ SARS-CoV-2-ის წარმოშობა იყო დაჩქარებული ბუნებრივი პროცესი. საგულისხმოა, რომ ღამურიდან პირდაპირ ადამიანზე ვირუსის გადაცემა არ დაფიქსირებულა. ახლო წარსულში, 2002-2003 წლებში, SARS ვირუსმა უკვე გამოიწვია ეპიდაფეთქება, რომელსაც მსგავსი საწყისი ჰქონდა (ღამურიდან - ადამიანამდე, სხვა ცხოველების “გავლით”).

SARS-CoV-2-ის წარმოშობის შესახებ მსჯელობა ვირუსის გენეტიკური მასალის ანალიზის საფუძველზე გახდა შესაძლებელი. ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალში Nature Medicine გამოქვეყნდა კვლევა, რომელშიც ახალი კორონავირუსის „სპაიკ-ცილების“ მაკოდირებელი გენეტიკური მასალის თანმიმდევრობაა აღწერილი. სპაიკები ვირუსის ზედაპირიდან ამოშვერილი ცილებია, რომლებსაც ვირუსი ცოცხალ უჯრედში მოხვედრისთვის იყენებს. მათ გარეშე ვირუსი ადამიანის უჯრედში ვერ აღმოჩნდება.      

ვირუსის სპაიკებს გააჩნიათ რეცეპტორთან დამაკავშირებელი დომენი (RBD), რომლითაც ისინი ადამიანის უჯრედების ზედაპირზე მოთავსებულ ACE2 რეცეპტორს უკავშირდებიან. მათი შეკავშირების შედეგად ვირუსი ადამიანის უჯრედში აღწევს. RBD-ის 6 ძირითადი ამინომჟავის მეშვეობით სპაიკ-ცილა იმდენად ეფექტურად უკავშირდება ადამიანის უჯრედებს, რომ მისი ხელოვნურად შექმნა, მინიმუმ დღეს არსებული ტექნოლოგიებით, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა.

აქედან გამომდინარე, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთი სიზუსტე არა გენური ინჟინერიის, არამედ ბუნებრივი გადარჩევის შედეგია.

კვლავ უცნობია, ვირუსის ცილებმა ადამიანის რეცეპტორისადმი ასეთ „მიდრეკილებას“ შუალედურ მტარებელ ცხოველებში მიაღწია და მერე გავრცელდა ადამიანებში, თუ დაინფიცირებულ ადამიანებში განვითარდა და უფრო ეფექტური და პათოგენური გახდა. მეცნიერები დღეისათვის სწორედ ამ ორი ჰიპოთეზით ხელმძღვანელობენ. შესაბამისად, SARS-CoV-2-ის ჩამოყალიბების უკეთ შესასწავლად მნიშვნელოვანია ცხოველებში მოცირკულირე SARS-CoV-2-ის მსგავსი ვირუსების იდენტიფიცირება.

მეორე მიგნება, რომელიც მეცნიერებს არწმუნებს, რომ ვირუსი ბუნებრივი გზით წარმოიქმნა მისი მთლიანი მოლეკულური სტრუქტურა, მისი ე.წ. „ხერხემალია“. SARS-CoV-2 რომ ბიოლოგიური ინჟინერიის გზით იყოს შექმნილი, ლოგიკურია, რომ მისი „ჩონჩხი“ უნდა ჰგავდეს იმ ვირუსებისას, რომლებიც ადამიანებში დადასტურებულად პათოგენურია. რეალურად კი მეცნიერებმა დაადგინეს, რომ SARS-CoV2-ის ხერხემალი მნიშვნელოვნად განსხვავდება [ადამიანის] ცნობილი კორონავირუსებისგან და უფრო მეტად ღამურებისთვის და პანგოლინებისთვის დამახასიათებელ ვირუსებს გავს. 
 

„ვირუსის ამ ორ მახასიათებელზე - სპაიკ-ცილის RBD ნაწილის მუტაციებსა და მის სპეციფიკურ „ხერხემალზე“ დაყრდნობით, შეგვიძლია გამოვრიცხოთ, რომ SARS-CoV-2 ლაბორატორიული მანიპულაციის შედეგადაა მიღებული“, - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის ასოცირებული პროფესორი, კრისტიან ანდერსენი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი კორონავირუსი არ მოქმედებს, როგორც ბიოლოგიური იარაღი. ეფექტიანი ბიოლოგიური იარაღი ბევრად სწრაფად უნდა ვრცელდებოდეს და ბევრად უფრო მომაკვდინებელი უნდა იყოს, ვიდრე SARS-CoV-2. მე-20 საუკუნეში ბიოლოგიურ იარაღებად გამოყენებულ ისეთ მძლავრ პათოგენებთან, როგორებიცაა, მაგალითად, ყვავილის ვირუსი და ჯილეხის (ციმბირის წყლულის) გამომწვევი Bacillus anthracis, ახალი კორონავირუსის შედარება, სულ ცოტა, არასერიოზულად გამოიყურება.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ახალი კორონავირუსი საფრთხეს არ წარმოადგენს. მეტიც, SARS-CoV-2 თანამედროვეობის უდიდესი და ურთულესი გამოწვევაა. მასთან ეფექტიანი ბრძოლა კი მხოლოდ მეცნიერების ძალისხმევითაა შესაძლებელი. ბოლოს და ბოლოს, კონსპირაციის თეორიებითა და მითებით კაცობრიობა არასდროს გამკლავებია მსგავს გამოწვევებს, ხოლო მეცნიერებითა და მტკიცებულებებით - არაერთხელ. 

 

 

შესაჯამებლად:

  • მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ SARS-CoV-2 ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნილი ვირუსი არ არის
     
  • სოციალურ მედიაში გავრცელებული კონსპირაციის თეორიები არ ეყრდნობა მტკიცებულებებს და, შესაბამისად, არაა სანდო
     
  • SARS-CoV-2 არ არის ბიოლოგიური იარაღი
     
  • SARS-CoV-2-ის ევოლუციის შესახებ კვლავ ბევრი კითხვა არსებობს და ამ კითხვებს პასუხები მხოლოდ დამატებითი სიღრმისეული კვლევების შედეგად გაეცემა

     

 

წყაროები:
Nature
ScienceDaily