კორონავირუსებით გამოწვეული ინფექციების ნევროლოგიური გართულებები


1896 წელს, სახელგანთქმულმა კანადელმა ექიმმა, სერ ვილიამ ოსლერმა, თქვა: „კაცობრიობას სამი დაუძინებელი მტერი ჰყავს - ცხელება, შიმშილი და ომი. დღეისთვის ამათგან ყველაზე დიდი და ვერაგი მტერი ცხელებაა“. ეს ციტატა დღესაც აქტუალურია.  

მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს წარსულში რამდენიმე მასიური ეპიდემია გადავიტანეთ, მაგალითად, ზიკა, ებოლა, დენგეს ცხელება, მწვავე ატონიური/დუნე მიელიტი და ღორის გრიპი (H1N1), ახლად გამოჩენილი SARS-CoV2 ვირუსი განსხვავებულია. მისი სწრაფი გავრცელებისა და ჩვენი მოუმზადებლობის გამო, ახალმა კორონავირუსმა საზოგადოებაში შიში და პანიკა გამოიწვია. ახალი კორონავირუსი პირველად 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში, ვუჰანის რეგიონში, დაფიქსირდა. 2020 წლის მარტისთვის ვირუსმა ასზე მეტი ქვეყანა მოიცვა. ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევები ყველა ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება.  

SARS-CoV2 ინფექციის უმთავრესი კლინიკური გამოვლინებები პულმონური, ანუ ფილტვისმიერი, გართულებებითაა გამოწვეული. პაციენტების უმრავლესობას აღენიშნება ცხელება, თავის ტკივილი, ხველა, კუნთების ტკივილი, ანოსმია (ყნოსვის დაქვეითება), სუნთქვის გაძნელება. დაავადების დაწყებიდან ერთ კვირაში ზოგიერთ პაციენტს უვითარდება მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ARDS), რომელიც, შესაძლოა, სიკვდილით დასრულდეს. მძიმე პაციენტების ნაწილი კომატოზურ მდგომარეობაში გადადის, რაც, სავარაუდოდ, ჰიპოქსიითა და მულტიორგანული (მრავლობითი ორგანოს) უკმარისობითაა განპირობებული. ინფექციის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამჟამინდელი მონაცემებით დაახლოებით 3-4 %-ს შეადგენს.  


ამერიკის გულის ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა მონაცემები ვუჰანიდან (ჩინეთი), რომელთა მიხედვითაც კოვიდ-19-ის ყველაზე ხშირი ნევროლოგიური გამოვლინებებია:

  • თავბრუსხვევა: 16.8%
     
  • თავის ტკივილი: 13.1%
     
  • ენცეფალოპათია: 2.8%
     

ყველაზე ხშირი ჩივილები და ნიშნები:

  • ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა/დაქვეითება 5.1%
     
  • გემოს შეგრძნების დაკარგვა 5.6%
     
  • კუნთის ქსოვილის დაზიანება 10.1%
     
  • ინსულტი 5.9%
     

ახალი კორონავირუსის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია. პასუხგაუცემელი რჩება კორონავირუსების ნევროლოგიურ გამოვლინებებთან დაკავშირებული კითხვებიც, მაგალითად:

შესაძლებელია თუ არა, თავის ტკივილი ვირუსულ მენინგიტს უკავშირდებოდეს?

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ინფიცირებული პაციენტის თავზურგტვინის (ცერებროსპინალურ) სითხეში SARS-CoV2 ვირუსი აღმოაჩინეს. 
 

მიგვანიშნებს თუ არა ანოსმია, რომ ინფექცია შესაძლებელია ყნოსვის ბოლქვებით ვრცელდებოდეს?  

კორონავირუსით გამოწვეული ენცეფალიტის მქონე ვირთაგვებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვირუსს თავის ტვინში ტრანს-ნეირონულად, ყნოსვის ნერვული გზების გავლით შეღწევის უნარი აქვს. აქედან გამომდინარე, ეს შედარებით უწყინარი სიმპტომი შესაძლოა პოტენციურად უფრო მძიმე გართულების მიმანიშნებელი იყოს.  
 

შესაძლებელია თუ არა, რესპირატორული სინდრომი ტვინის ღეროს დაზიანებით იყოს გამოწვეული?

თავის ტვინზე ვირუსის ზეგავლენის სრულფასოვანი შეფასებისთვის თავის ტვინის გამომსახველობითი და პათომორფოლოგიური კვლევების ჩატარებაა აუცილებელი. საგულისხმოა, რომ რისკის ქვეშ ხანდაზმული და იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტები არიან. მათ დიდ ნაწილს თანმხლები ნევროლოგიური დაავადება აქვს.  
 

ინსულტი

ვუჰანის სამი ჰოსპიტლის მონაცემებით, კოვიდ-19-ის სიმპტომების გამოვლენიდან 10 დღეში პაციენტების 5.9%-ში დაავადება ინსულტით გართულდა. ინსულტი განუვითარდათ ხანდაზმულ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებს, რომლებიც საავადმყოფოში მძიმე პნევმონიის (ფილტვების ანთების) გამო იყვნენ მოთავსებულნი.  
 

ინსულტის გამომწვევი მექანიზმი განსხვავებული შეიძლება იყოს:

  • პირველი მიზეზი შესაძლოა იყოს ჰიპერკოაგულაციის მდგომარეობა, (სისხლის შედედებისკენ მიდრეკილება) რომელსაც შესაძლებელია იწვევდეს კრიტიკული დაავადება.
  • მეორე მიზეზი შესაძლებელია იყოს კარდიოემბოლიზმი (გულში წარმოქმნილი თრომბი, რომელიც სისხლის მეშვეობით მოხვდა ტვინში და გამოიწვია ინსულტი), რაც სავარაუდოდ ვირუსის მიერ გულის დაზიანებით არის განპირობებული.
  • საინტერესოა ისიც, რომ ახალი კორონავირუსის რეცეპტორი ACE2, რომელიც ვირუსს უჯრედში შეღწევისთვის ჭირდება, თავის ტვინის სისხლძარღვების ზედაპირზეც გვხვდება. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, SARS-CoV2-თან ასოცირებული ინსულტი უშუალოდ ინფექციას უკავშირდებოდეს.

 

იტალიაში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჰოსპიტლებში მნიშვნელოვნად შემცირდა იმ პაციენტთა ნაკადი, რომელთაც ნევროლოგიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროებათ. საყურადღებოა, რომ კოვიდ-19-ის მქონე პაციენტებში D-დიმერის რაოდენობა იზრდება (იზრდება ინსულტის რისკი). შესაბამისად, ცერებროვასკულური დაავადებების მქონე პაციენტების რაოდენობა უნდა იზრდებოდეს. ექიმები და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ შეუსაბამობის  მიზეზი საავადმყოფოში მისვლის შიში და, შესაბამისად, შემცირებული მიმარვიანობა შეიძლება იყოს.  

 

ადამიანებში რამდენიმე ტიპის კორონავირუსი გვხვდება. მათი უმრავლესობა ზედა სასუნთქი გზების მსუბუქ ინფექციას იწვევს. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში, სხვა სახეობებისთვის დამახასიათებელმა რამდენიმე კორონავირუსმა, ასე ვთქვათ, სახეობებს შორის არსებული ზღვარი გადაკვეთა და ადამიანებშიც დაიწყო გავრცელება.  
 

კორონავირუსების ოჯახთან რამდენიმე მწვავე ნევროლოგიური სინდრომია დაკავშირებული
(იხილეთ ცხრილი).  

მაგალითად, დაფიქსირებულია შემთხვევა, როცა ენცეფალიტისა და მწვავე რესპირატორული სინდრომის მქონე პაციენტის თავზურგტვინის სითხიდან SARS-CoV1 ვირუსი გამოყვეს. (SARS-CoV1 ჰგავს ახალ კორონავირუსს და ის მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომს (SARS) იწვევს.)  

კიდევ ერთ კორონავირუსს, MERS-CoV-ს, მწვავე გაფანტული ენცეფალომიელიტისა (კეროვანი ანთებითი უბნები თავის ტვინში, ნათხემსა და ზურგის ტვინში) და სისხლძარღვების პათოლოგიის გამოწვევა შეუძლია. აღწერილია ტვინის ღეროს ინფექციის შემდგომი ენცეფალიტისა და გიიენ-ბარეს სინდრომის შემთხვევებიც.  

მწვავე გაფანტული ენცეფალომიელიტი HCoV-OC43-ით ინფიცირების დროსაც შეიძლება განვითარდეს. განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ იმუნოსუპრესირებული პირები არიან. HCoV-OC43-ით გამოწვეული ენცეფალიტის მქონე იმუნოსუპრესირებული პაციენტების ტვინის ქსოვილში მართლაც აღმოჩნდა ეს ვირუსი. მსგავსი ეჭვი SARS-CoV2-ზეც არსებობს.  

აუტოიმუნური სინდრომების, მაგალითად, გაფანტული სკლეროზის, მიასთენია გრავის, სარკოიდოზის მქონე პაციენტები იღებენ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც სისტემურ იმუნურ პასუხს აქვეითებს. ეს კიდევ უფრო ზრდის SARS-CoV2-ით ინფიცირების შემთხვევაში გართულებების განვითარების რისკს. ამ დაავადებების მქონე პაციენტებმა ინფიცირებისგან თავდასაცავად დამატებითი ზომები უნდა მიიღონ. სასურველია, მკურნალმა ექიმმა წამლების დოზებს გადახედოს. მკურნალობის კურსის შეწყვეტა, სავარაუდოდ, გონივრული არ იქნება, რადგან ამ შემთხვევაში მაღალია აუტოიმუნური დაავადების გამწვავების ალბათობა.

კორონავირუსებზე სეროდადებითი პასუხი (სისხლის პლაზმაში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობა) დაფიქსირებულია სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადების, მაგალითად, ენცეფალიტის, ოპტიკური ნევრიტის, გაფანტული სკლეროზისა და პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში. კორონავირუსები, კერძოდ, HCoV-229E, HCoV293 და HCoV-OC43, ასევე გამოყვეს გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების თავზურგტვინის სითხიდან და თავის ტვინიდან. თუმცა, ამ მიგნებების მნიშვნელობა ამ წუთისთვის უცნობია, რადგან ჩამოთვლილი ვირუსები მეტად გავრცელებულია და აღნიშნულ დაავადებებთან მათი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის.  

რადგან კოვიდ 19 არის ძალიან მარტივად გადამდები დაავადება, რომელმაც პანდემია გამოიწვია, საჭიროა ყურადღება მივაქციოთ პაციენტებს, რომლებშიც დაავადების პირველი ნიშანი სწორედ ნევროლოგიური გამოვლინება შეიძლება იყოს. დაავადების ადრეულ ეტპზე დიაგნოსტიკა მისი სწორად მართვისთვის და ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად იქნება მნიშვნელოვანი.

 

 

 

წყარო:

neurology.org
ahajournals.org
neurology.org
svn.bmj.com
pubs.rsna.org