რატომ არ შეიძლება ახლობლის საავადმყოფოში მონახულება?


COVID-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა და თითოეული ჩვენგანის ცხოვრების წესი. საავადმყოფოებში შეიზღუდა ან სრულიად აიკრძალა ახლობლების მონახულება, რაც, ცხადია, დისკომფორტს ქმნის. ბუნებრივია, იზოლაციაში მყოფი პაციენტებისთვის უმნიშვნელოვანესია ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებულ სიტუაციაში ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაა. 

რატომ გახდა საჭირო ასეთი მკაცრი ზომების მიღება?  

  • პალატები საკმაოდ პატარა ზომისაა, რაც ართულებს დადგენილი ორ-მეტრიანი დისტანციის დაცვას. ხალხმრავლობა კი COVID-19-ის სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს.
     
  • საავადმყოფოში მწოლიარე პაციენტებს იმუნური სისტემა შედარებით დაქვეითებული აქვთ. ასეთ ადამიანებში ინფექციას უფრო მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს და, შესაძლოა, ლატალურიც აღმოჩნდეს.
     
  • რაც ყველაზე საყურადღებოა, ინფიცირებული ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს სიმპტომები საერთოდ არ უვლინდება, მაგრამ ისინი მაინც წარმოადგენენ ვირუსის გადატანისა და გავრცელების წყაროს.


თუ თქვენი ახლობელი ამჟამად საავადმყოფოშია, ექიმები ძალღონეს არ დაიშურებენ, რომ ის მალე გამოჯანმრთელდეს და ეცდებიან მუდმივად მოგაწოდონ ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობის შესახებ. გასაგებია, რომ საავადმყოფოში მნახველთა ვიზიტების შეზღუდვა ან აკრძალვა ჩვენი მხრიდან გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს, თუმცა, თანამედროვე სამყაროში ვირტუალური კომუნიკაცია პრობლემას არ წარმოადგენს.

გვახსოვდეს, რომ: 

საავადმყოფოების მიერ დაწესებული შეზღუდვების დაცვით ჩვენ ვზრუნავთ იქ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობაზე და ვამცირებთ ინფექციის გავრცელების საფრთხეს.

 

წყაროები:
jamanetwork.com
newsroom.uw.edu
ucsfhealth.org