COVID-19 და რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორები


საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ფართოდ გამოიყენება რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის საწინააღმდეგო წამლები - ACE (აგფ) ინჰიბიტორები და ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკერები (არბ). კაპტოპრილი, ენალაპრილი, ლოსარტანი - ეს მცირე ჩამონათვალია იმ მედიკამენტებისა, რომლებსაც მილიონობით ადამიანი იღებს არტერიული ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევის), გულის ქრონიკული უკმარისობის და გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებების მკურნალობისა და მართვისთვის.

შესაბამისად, ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ახალ კორონავირუსსა და ამ წამლებს შორის გარკვეული კავშირი არსებობს, საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ითქვა ისიც, რომ თითქოს პანდემიის პირობებში ადამიანებმა უნდა შეწყვიტონ ამ წამლების მიღება როგორც პროფილაქტიკური მიზნებისთვის, ისე COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში. დღეისთვის არსებული მონაცემებით, ეს მოწოდება საფუძველს მოკლებულია.


რა არის რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემა?

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემა ჩვენს ორგანიზმში არსებული კასკადური სისტემაა, რომელიც არტერიული წნევის და სითხის ბალანსის რეგულაციას ემსახურება. მაგალითისთვის, როცა არტერიული წნევა მცირდება, რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემა აქტიურდება და ცდილობს წნევის მაჩვენებლის ნორმის ფარგლებში დაბრუნებას. ამ ფიზოლოგიური კასკადის გააქტიურებაში მონაწილე ერთ-ერთი ფერმენტია ACE (აგფ - ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტი). აღსანიშნავია, რომ ორგანიზმში ასევე გვაქვს ACE 2. მიუხედავად მსგავსი სტრუქტურისა, ამ ორი ფერმენტის ფუნქცია რადიკალურად განსხვავებულია. ACE ფილტვში წარმოიქმნება; ის ანგიოტენზინ I-ს გარდაქმნის ანგიოტენზინ II-ად, რომელიც ხელს უწყობს წნევის მომატებას. რაც შეეხება ACE 2-ს, ის განთავსებულია ფილტვის, გულის და თირკმლის უჯრედებზე და შლის ანგიოტენზინ II-ს. აქედან გამომიდინარე, მას რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის საწინააღმდეგო ფუნქცია აქვს.

ამ სისტემის ფიზიოლოგიური ფუნქციის მოშლა, ჭარბი აქტივაცია მეტად დამაზიანებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ამ სისტემის დათრგუნვა არტერიული წნევისა და მისი დამაზიანებელი ეფექტების შემცირებას განაპირობებს, ACE (აგფ) ინჰიბიტორები არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ პირველი რიგის პრეპარატებია.


ACE ინჰიბიტორები და ACE2

ყველა ვირუსის მსგავსად, ახალი კორონავირუსიც (SARS-CoV-2) უნდა შეიჭრას უჯრედში, რათა გამრავლდეს და გამოიწვიოს დაავადება. უჯრედში შესაღწევად ეს ვირუსი სწორედ ACE2-ს იყენებს. არსებობს განსხვავებული მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს ACE ინჰიბიტორები ACE2-ის კონცენტრაციაზე, უჯრედში კორონავირუსის შეღწევასა და დაავადების პროცესზე. რამდენიმე პრეკლინიკურ კვლევაში (ვირთაგვებში) გამოითქვა მოსაზრება, რომ ACE2-ის რაოდენობის მატება უარყოფითად მოქმედებს COVID-19-ის მიმდინარეობაზე. სწორედ ამ მიგნებებმა გამოიწვია ვნებათაღელვა.

თუმცა, ახლახანს ავტორიტეტულ სამეცნიერო გამოცემაში New England Journal of Medicine გამოქვეყნდა ანალიზი, რომლის თანახმადაც, ACE2-ის კონცენტრაციის გაზრდა შესაძლოა, პირიქით, სარგებლის მომტანიც კი იყოს.

აქედან გამომდინარე, COVID-19-სა და ACE ინჰიბიტორებს შორის კავშირზე ჯერჯერობით დაბეჯითებით ბევრის თქმა არ შეგვიძლია. თუმცა, დღეისთვის კარდიოლოგთა პროფესიული ასოციაციები თანხმდებიან, რომ  რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორების მიღების პროფილაქტიკური შეწყვეტა უსაფუძვლოა და პაციენტებმა მათი მიღება უნდა განაგრძონ. მეტიც, უკვე ინფიცირებულ, სტაბილურ პაციენტებში ამ წამლების მოხსნამ შესაძლოა უფრო მეტი ზიანი გამოიწვიოს, ვიდრე - სარგებელი.

აღსანიშნავია, რომ COVID-19 განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებში. ამ პაციენტებში მკურნალობის ქვაკუთხედს სწორედ ეს წამლები წარმოადგენს. დაინფიცირების შემდეგ ამ წამლების მოხსნის შემთხვევაში კი, COVID-19-ით გამოწვეული მიოკარდიუმის (გულის კუნთის) დაზიანება შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს.

ამრიგად, კარდიოლოგთან კონსულტაციის გარეშე ნებისმიერი წამლის მიღების შეწყვეტა დაუშვებელია!


გახსოვდეთ:

  • ფერმენტი ACE2 ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) რეცეპტორია.
     
  • ნორმალურ პირობებში ACE2 ეწინააღმდეგება რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივაციას.
     
  • რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორები არტერიული ჰიპერტენზიის და გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალო მედიკამენტებია.
     
  • COVID-19-ის მქონე პაციენტებში ამ წამლების გამოყენების უსაფრთხოების შესახებ გარკვეული ეჭვი გამოითქვა.
     
  • დღეისთვის ვერ ვიტყვით, ეს მიგნებები ადამიანებზეც ვრცელდება თუ არა.
     
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებში ACE ინჰიბიტორებისა (-„პრილები“) და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერების (-„სარტანები“) მიღების შეწყვეტა შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს.
     
  • არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, COVID-19-ის რისკის ქვეშ მყოფმა და ახალი კორონავირუსით უკვე ინფიცირებულმა პაციენტებმა ამ წამლების მიღება უნდა განაგრძონ.
     
  • ამჟამად მიმდინარეობს კვლევები, რომლებიც შეისწავლის რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის მოდულატორების (რეკომბინანტული ACE2-ის და ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკერის - ლოსარტანის) ეფექტურობასა და უსაფრთხოებას COVID-19-ით დაინფიცირებლ პაციენტებში.

 

წყარო:

The New England Journal of Medicine