რას ნიშნავს ინფექციის ცხელი წერტილი?


ამა თუ იმ მოვლენასთან მიმართებით, ხშირად გვესმის ტერმინი „ცხელი წერტილი“, მაგრამ რა არის დაავადების, ამ შემთხვევაში, ინფექციის ცხელი წერტილი?

ინფექციის ცხელ წერტილს, ანუ, კერას, ვუწოდებთ ადგილს, სადაც დაინფიცირების მრავალი შემთხვევაა ან/და სწრაფად იზრდება დაავადებულთა რიცხვი. ტერმინი “კლასტერი“ შეიძლება იმავე მნიშვნელობით იყოს გამოყენებული, თუმცა, ის ასევე აღწერს ადამიანთა ჯგუფს, რომლებსაც საერთო კონტაქტები ჰქონდათ.

რა განაპირობებს ცხელი წერტილების ჩამოყალიბებას?

  • გარემო ფაქტორები
    რაც უფრო მჭიდროდაა დასახლებული ქალაქი ან სოფელი, მით უფრო იზრდება ინფექციის კერის ჩამოყალიბების რისკი. ეს პრინციპი ვრცელდება ნებისმიერ სივრცეზე, რომელშიც ბევრი ადამიანი ერთად იყრის თავს და ერთმანეთისგან დისტანცირება გართულებულია. ასეთი ადგილებია, მაგალითად, მჭიდროდ დასახლებული საცხოვრებელი ბინები, მოხუცებულთა სახლები, სასჯელაღსრულების დაწესებულებები და სხვა. 
     
  • ინდივიდუალური ფაქტორები
    ცხელი წერტილების აღმოცენების რისკს ზრდის ისეთი ფაქტორები, რომლებიც ინდივიდს ინფექციისადმი მიდრეკილს ხდის. ასეთებია, მაგალითად, ხანდაზმული ასაკი, ქრონიკული დაავადებები და იმუნოდეფიციტი.
     
  • ქცევა და საზოგადოებრივი თვითშეგნება
    ინფექციის გავრცელებაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ადამიანის ქცევაც - რამდენ ხალხთან აქვს მას დღის განმავლობაში ფიზიკური კონტაქტი; რამდენად ხშირად იბანს ხელებს და, ზოგადად, ასრულებს თუ არა მოწოდებულ რეკომენდაციებს.
     
  • ადგილობრივი ჯანდაცვის პოლიტიკა და სამედიცინო პრაქტიკა
    ამ მხრივ ინფექციის კერის წარმოქმნის თავიდან არიდებისთვის გატარებული ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს მოგზაურობის აკრძალვას, სხვადასხვა დაწესებულების დროებით დახურვას, საკარანტინო მდგომარეობის გამოცხადებას, სამედიცინო დაწესებულებების მზადყოფნას და სხვა. 

     

წარმოიდგინეთ მოხუცებულთა სახლი, რომელშიც სხვადასხვა ქრონიკული პრობლემის მქონე ხანდაზმულები მჭიდროდ ცხოვრობენ და ყოველდღიურად ერთმანეთთან და პერსონალთან ურთიერთობენ. რისკის რამდენიმე ფაქტორის თანაარსებობის გამო, ასეთ დაწესებულებებში ინფექციის ცხელი წერტილები ადვილად ყალიბდება.

ეს ყველაფერი ადგილობრივ მაგალითზე რომ განვიხილოთ, მარნეულის შემთხვევა გავიხსენოთ. ინფიცირებული ქალბატონი იმყოფებოდა სარიტუალო ღონისძიებაზე, სადაც მჭიდრო სივრცეში ბევრ ადამიანთან ჰქონდა შეხება. ამის შემდეგ კონტაქტების კვალი დაიკარგა - საჭირო გახდა მარნეულისა და ბოლნისის რაიონების ცხელ წერტილებად გამოცხადება და მათი სრული იზოლაცია.

სწორედ ცხელი წერტილების აღმოცენების თავიდან ასაცილებლად 2020 წლის 31 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე ამოქმედდა საყოველთაო კარანტინის რეჟიმი და დაწესდა საკომენდანტო საათი.

ამ დროისთვის მსოფლიოში ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ესპანეთში ფიქსირდება. შესაბამისად, ეს ქვეყნები ინფექციის ყველაზე დიდ ცხელ წერტილებს წარმოადგენს. 



წყაროები:
CDC
CDC
medrxiv.org
gov.ge