CDC: COVID19-ის მძიმე ფორმა ახალგაზრდებშიც გვხვდება


შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა (CDC) COVID-19-ის 2449 შემთხვევის შესახებ წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში გაანალიზებულია აშშ-ში 12 თებერვლიდან 16 მარტის ჩათვლით გამოვლენილი შემთხვევები. ანალიზი მოიცავს მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთა ასაკიც ცნობილია და მასში არ შედის ჩინეთში, იაპონიასა და კრუიზებზე ინფიცირებული პირების მონაცემები.

დადასტურებულ შემთხვევათა დაახლოებით ერთი მესამედი 20-44, ხოლო ერთი მესამედი - 45-64 წლისაა. ეს ინფიცირებულთა ორი ყველაზე დიდი ასაკობრივი ჯგუფია (იხილეთ სურათი ქვემოთ).

მონაცემები მოწმობს, რომ COVID-19-ით ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება დაავადდეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების 20%-ს 20-იდან 44 წლამდე ადამიანები შეადგენენ.
 


სხვა ქვეყნების ახალი მონაცემების თანახმად, COVID-19 ბავშვებსა და მოზარდებშიც (20 წლამდე) გვხვდება. საბედნიეროდ, ისინი დაავადებულთა მხოლოდ დაახლოებით 5%-ს შეადგენენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვებს შედარებით მსუბუქი სიმპტომები აქვთ და მათი ტესტირება ხშირად არ ხდება. მოცემულ კვლევაში, ბავშვთა ან მოზარდთა ინტენსიური დახმარების განყოფილებაში გადაყვანა ან გარდაცვალება არ დაფიქსირებულა (თუმცა, 1-ლი აპრილის მონაცემებით, კონექტიკუტში კორონავირუსით დაინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა, მოზარდთა სიკვდილიანობის შემთხვევები დაფიქსირდა საფრანგეთში, ბელგიაში, პორტუგალიასა და დიდ ბრიტანეთში, ხოლო,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში კი აღნიშნულია, რომ 10-19 წლის პოპულაციაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.2%-ს შეადგენს).

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები ინფიცირებულთა უმრავლესობას წარმოადგენენ, ვირუსის გამო ჰოსპიტალიზებულთა ნახევარი 65 წელს გადაცილებულია. COVID-19-ით სტაციონარში მოთავსების ალბათობა ასაკთან ერთად იმატებს. ცნობილია, რომ ხანდაზმულები, განსაკუთრებით კი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები მაღალი რისკის ჯგუფში იმყოფებიან.

ჰოსპიტალიზაცია 20-44 წლის ინფიცირებულთა მხოლოდ 14-21%-ს დასჭირდა, ხოლო 85 წელს გადაცილებულთა 31-70% აღმოჩნდა საავადმყოფოში (იხილეთ სურათი ქვემოთ). გარდაცვლილთა 80% ხანდაზმულია (>65 წლის).
 


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემების თანახმად, საქართველოში შემთხვევები (30 მარტი), ასაკისა და სქესის მიხედვით შემდეგნაირადაა გადანაწილებული:
 


მონაცემები ცხადყოფს, რომ ახალი კორონავირუსით ნებისმიერი ასაკის ზრდასრული ადამიანი შეიძლება დაავადდეს და გარდაიცვალოს.

ასე რომ, მოუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენი ოჯახის წევრებს - დარჩით სახლში და დაიცავით ჰიგიენის წესები!

წყაროები:
NCDC
CDC
Covid-101