პლაქვენილი და აზითრომიცინი (არ) მუშაობს

 

როგორც მოგეხსენებათ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 19 მარტს გამოაცხადა, რომ მალარიის სამკურნალოდ გამოყენებული ძველი პრეპარატი ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) აზითრომიცინთან კომბინაციაში COVID-19-ის მკურნალობის მხრივ დიდ იმედს იძლევა და რომ მისი გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. 4 აპრილს ტრამპმა კვლავ ისაუბრა ამ წამლებზე და პირდაპირ მოუწოდა მოქალაქეებს მათი მიღებისკენ.

პირველ განცხადებას 24 საათში მოყვა ქვეყნის მთავარი ინფექიონისტის, ტონი ფაუჩის, განმარტება, რომ ნახსენები წამლები მხოლოდ სინჯარაში (in vitro) იყო შესწავლილი და იმის თქმა, რომ ისინი COVID-19-ის წინააღმდეგ გამოდგებოდა, ნაადრევია. ფაუჩის თქმით, ამ წამლების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დასადგენად შემდგომი კვლევაა საჭირო.

ტრამპის პირველი მოწოდება ქართულ მედიასივრცეშიც ფართოდ გავრცელდა. შედეგად აფთიაქებში პლაქვენილის მასობრივი შესყიდვა დაიწყო, შტატებში კი წამლის მიღებით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ლიმიტირებული ინფორმაციის ფონზე, კლინიცისტები და მეცნიერები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, სამედიცინო ცენტრების უმრავლესობამ ჰიდროქსიქლოროქინი მაინც შეიტანა თავის არსენალში. დღეისთვის პრეპარატს მხოლოდ შერჩეულ პაციენტებში, უკუჩვენების არარსებობის  შემთხვევაში იყენებენ. ამასობაში მედიკოსები კლინიკურ, გააზრებულ და რანდომიზირებულ (ყველაზე მაღალი ხარისხის) კვლევებს ელიან.

უახლოეს მომავალში ფრანგულ სამეცნიერო ჟურნალში M´edecine et Maladies Infectieuses გამოქვეყნდება კვლევა სახელწოდებით „მძიმე COVID-19 ინფექციის მქონე პაციენტებში ჰიდროქსიქლოროქინისა და აზითრომიცინის კომბინაციის გამოყენების ფონზე ვირუსის კლირენსი (მოშორება) ან კლინიკური სარგებელი არ დასტურდება“. (ამ ეტაპზე სტატია არის ე.წ. pre-proof, რაც ნიშნავს, რომ ის მიღებულია ჟურნალში დასაბეჭდად, მაგრამ არ წარმოადგენს საბოლოო ვერსიას). 

 

 

მოდით, დავშალოთ ეს კვლევა და დავაკვირდეთ დეტალებს, რადგან პასუხი ყოველთვის დეტალებშია:

  1. კვლევა პარიზული კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის მიერაა წარმოებული (კვლევა ევროპულია, შესაბამისად, შედარებით სანდო).
     
  2. ინტერესთა კონფლიქტი - თუ ავტორებს სანდო წყაროებში (Transparency in Healthcare Database) მოვძებნით, ვნახავთ, რომ მათ კავშირი აქვთ Gilead-თან, რემდესევირის (მთავარი მეტოქის) მწარმოებელ კომპანიასთან. ეს პირველი გამაფრთხილებელი ნიშანია. თუმცა, თუ კვლევა ვალიდურია, ამ პრაქტიკას ეთიკის საბჭო, ზოგადად, არ კრძალავს.
     
  3. რაც შეეხება საკუთრივ კვლევას:
  • მცირე, მეტიც, ძალიან მცირე ზომისაა - პაციენტთა ჯგუფი მხოლოდ 11 ადამიანისგან შედგება.
     
  • ყველაზე საყურადღებო გამაფრთხილებელი ნიშანი - არ არსებობს შესადარებელი ჯგუფი, ანუ, თუნდაც 11 სხვა პაციენტი, რომლებიც იგივე მიზეზით იმყოფებიან საავადმყოფოში და ან სხვა მკურნალობას იღებენ, ან საერთოდ არ იღებენ წამლებს და იმუნიტეტის იმედზე არიან.
     
  • დოზები „სწორია“ - ანუ, იგივე, რაც სხვა ფრანგულ კვლევებში გამოიყენეს.
     
  • ვინ იყვნენ პაციენტები - 7 კაცი, 4 ქალი, საშუალო ასაკი - 58 წელი. 10/11-ს ჰქონდა ცხელება და ესაჭიროებოდა ჟანგბადი, უმრავლესობას ჰქონდა ქრონიკული დაავადება. აქ, თითქოს, ყველაფერი რიგზეა.
     
  • გამოსავლები/შედეგები: 1 გარდაცვლილი, 2 დამძიმებული.
    10-იდან 8 პაციენტს მკურნალობის დაწყებიდან 5-6 დღის შემდეგ ცხვირ-ხახაში ჯერ კიდევ ჰქონდა SARS-CoV-2 ვირუსი, ანუ, ისინი კვლავ ვირუსის მტარებლები იყვნენ. 
     
  • რა დაასკვნეს ავტორებმა ამ კვლევის შედეგად: მათ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს თავდაპირველი ფრანგული კვლევის (Gautret et al) შედეგები, კერძოდ, ის, რომ ჰიდროქსიქლოროქინი და აზითრომიცინი ადამიანის ორგანიზმიდან ვირუსს აშორებს.
     
  • როგორ უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ანუ, რიგითმა მკითხველმა, ამ კვლევის ინტერპრეტაცია? 

    • ფრთხილად, როგორც ნებისმიერი სხვა ახალი ინფორმაციის მიღებისას! 

       
    • სუსტი დიზაინის გამო, წარმოუდგენელია ვიცოდეთ, მკურნალობის გარეშე გამოჯანმრთელდებოდნენ თუ არა პაციენტები. ანუ, მაგალითად, რომ გვყოლოდა 11 სხვა პაციენტი, რომლებსაც მკურნალობა არ ჩაუტარდებოდათ, არსებობს ალბათობა, რომ ვირუსის მტარებლობის და სიკვდილიანობის თვალსაზრისით, იდენტური შედეგი მიგვეღო. 

       
    • ეს იყო დაკვირვებითი (ობზერვაციული) კვლევა, ანუ, რანდომიზირების გარეშე დასკვნების გამოტანა რთულია.

       

ბოლოს და ბოლოს, ვენდობით თუ არა და რა გვასწავლა ამ კვლევამ?  
 

  • კვლევას აქვს უამრავი სუსტი მხარე. ის უნდა განვიხილოთ როგორც მცირე (შემთხვევათა სერია), შედარებით სუსტი კვლევა. თუმცა, ის ფაქტი, რომ 11 დაავადებულიდან, რომელთაც ჰიდროქსიქლოროქინის და აზითრომიცინის კომბინაციით მკურნალობდნენ, მხოლოდ 5 დღეში 1 გარდაიცვალა, 2 - დამძიმდა და 1-ს წამალი გვერდითი ეფექტების გამო შეუჩერეს, გვაფიქრებინებს, რომ COVID-19-ის მკურნალობაში ეს კომბინაცია მინიმუმ „გარდამტეხი“ ვერ იქნება.  
     
  • ალბათ ამ კვლევიდან კიდევ ერთი დასკვნის გაკეთებაც შეგვიძლია - იმის მიუხედავად, ვინ აჟღერებს ინფორმაციას (ტრამპი, პენსი, გარდიანი, ჟურნალისტი, თუნდაც სანდო მეცნიერი), ჩვენ უნდა გადავამოწმოთ და კრიტიკულად განვსაჯოთ პირველწყარო და არასდროს, არასდროს გამოვიტანოთ დასკვნები მხოლოდ ერთი წყაროს მიხედვით!
     

 


მამუკა მაჩაიძე

                          ექიმი ინფექციონისტი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი