ახალი კორონავირუსი (COVID-19) ბავშვებსაც ემართება

პირველი მოსაზრება, რომ ბავშვები COVID-19-ით არ ინფიცირდებიან, მცდარი აღმოჩნდა. 

„თუმცა, მძიმე სიმპტომებისა და გართულებების მაჩვენებელი ბავშვებში გაცილებით დაბალია“, წერენ ფრიბურგის უნივერსიტეტის (შვეიცარია) პროფესორი პეტრა ზიმერმანი და მელბურნის უნივერსიტეტის (ავსტრალია) პროფესორი ნაიგელ კურტისი.  

პირვანდელი მოსაზრება რომ მცდარი იყო, ამას სამხრეთ კორეის მონაცემებიც მოწმობს, სადაც, ინფიცირებულთა 6%-ს სწორედ ბავშვები და თინეიჯერები შეადგენდნენ. 

 

ჩინეთის მონაცემების მიხედვით, ინფიცირებული ბავშვების უმრავლესობა სიმპტომების დაწყებიდან ერთი-ორი კვირის განმავლობაში გამოჯანმრთელდა. 2020 წლის თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით ბავშვის სიკვდილის შემთხვევა არ დაფიქსირებულა და მხოლოდ 13 კრიტიკული შემთხვევა იყო 21 410დან (იხ. Table 2 - ბმულზე). აღსანიშნავია, რომ ბავშვებში სხვა კორონავირუსების, SARS-ისა და MERS-ის ეპიდემიების დროსაც მსგავსი სურათი გვქონდა. 

შესაბამისად, პირველი მოსაზრება ნაწილობრივ მაინც იმით აიხსნება, რომ ბავშვებს ხშირად მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აქვთ. ამის გამო მათი მდგომარეობა დიდად საყურადღებო არ იყო და მათ COVID-19-ის სადიაგნოსტიკო ტესტირება ხშირად არ უტარდებოდათ.

დღეისთვის, ბავშვებში ჩატარებული ანალიზებით აღმოჩნდა, რომ მათი უფრო დიდი ნაწილია ინფიცირებული, ვიდრე აქამდე გვეგონა. მსუბუქი სიმპტომების მქონე ან უსიმპტომო ბავშვები კი შესაძლოა ინფექციის გამავრცელებლები აღმოჩნდენ.

აქედან გამომდინარე, სოციალური დისტანცირება საჭიროა როგორც ზრდასრულებისთვის, ისე ბავშვებისთვის. ასე თავიდან ავიცილებთ ინფექციის გავრცელებას და ბავშვებს რისკის ქვეშ არ დავაყენებთ. 

საინტერესოა ისიც, რომ ბავშვებში COVID-19 ინფექციის შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა მეცნიერებს შესაძლებლობას აძლევს, შეისწავლონ, რა მექანიზმები იცავს მათ ორგანიზმს მძიმე სიმპტომებისა და გართულებების განვითარებისგან. ეს მკვლევარებს პოტენციურად მკურნალობის და პრევენციის ახალი მიდგომების შემუშავებაშიც დაეხმარება. 

26 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონავირულით 5 ბავშვია ინფიცირებული. 

 

წყარო:
Covid-101.org
Pediatrics
ScienceDaily